ფარმაცევტული სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სფეროა, სადაც უწყება მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ფასებს რეალურ დროში აკონტროლებს. ამის შესახებ „ავერსი ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მელანაშვილმა პარლამენტში შექმნილ ფასების კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფარმაცევტული ბაზარი რეგულირებადია და სხვა სექტორებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ყველაზე გამჭვირვალეა. სამინისტრო „ლაივ" რეჟიმში ფლობს ინფორმაციას ჩვენი თითოეული ოპერაციის შესახებ დაწყებული იმპორტიდან, დასრულებული საცალო რეალიზაციით. ნებისმიერი შიდა გადაზიდვა, საწყობებს შორის მარაგების გადანაწილება, ნაშთები ლოკაციების მიხედვით, იმპორტისა და გასაყიდი ფასები ეს ყველაფერი სამინისტროსთვის მიმდინარე რეჟიმშია ხილვადი. ასეთია ამ სფეროს სპეციფიკა სრული ჯაჭვი აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვართ როგორც იმპორტიორი კომპანია, ისე სააფთიაქო ქსელის მფლობელი. პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდულობთ სადისტრიბუციო კომპანიებისგან, როგორც საბითუმოდ, ისე საცალოდ. საერთო ჯამში, 500-მდე მომწოდებელი გვყავს. რაც შეეხება „ავერსი-რაციონალს“, ის ჩვენივე დამფუძნებლის მიერ შექმნილი აფილირებული კომპანიაა. ზოგადად, მისი დაფუძნების იდეა თავიდანვე მედიკამენტების გაიაფებას ემსახურებოდა, რათა ის წამლები, რომლებსაც მანამდე შედარებით ძვირად ვყიდულობდით მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
ჩვენს აფთიაქებში ყველა მომწოდებლის პროდუქცია იყიდება. ჩვენი იმპორტი მთლიანი მოცულობის დაახლოებით 15-20%-ს შეადგენს, დანარჩენი პროდუქცია კი სხვა კომპანიებს შემოაქვთ. ჩვენ მათგანაც ვყიდულობთ საქონელს და შემდეგ საკუთარ ქსელში ვახდენთ რეალიზაციას", - განაცხადა გიორგი მელანაშვილმა.




























