მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სექტორი თანაგადახდის შეთავაზებულ ინსტრუმენტზე სამუშაოდ არის განწყობილი - მინისტრი

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ DRG სისტემის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ DRG-ის სისტემაში ცვლილებებს დააანონსა და საყოველთაო ჯანდაცვაში თანაგადახდის კომპონენტი შემოაქვს. პაციენტი, რომელიც დადგენილი ფასწარმოქმნის ფარგლებში სასურველი მომსახურების მიღებას ვერ შეძლებს, თანხას ჯიბიდან დაამატებს, რაც სექტორის შეფასებით, პაციენტის ხარჯებს გაზრდის. ჯერჯერობით უცნობია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები დამატებითი სერვისის მისაღებად კერძო სადაზღვევო პაკეტების გამოყენებას თუ შეძლებენ. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე შესაფასებელია DRG-ის გავლენა, როგორც ფასწარმოქმნაზე, ისე პაციენტების მომსახურების ხარისხზე.

„მე რა კომუნიკაციაც მაქვს ჯანდაცვის სექტორთან, ისინი სამუშაოდ არიან განწყობილი თანაგადახდის იმ ინსტრუმენტთან დაკავშირებით, რომელიც შევთავაზეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ და მუშაობის პროცესშია თვითონ ამ სისტემის განვითარება სწორედ სექტორთან თანამშრომლობით. თუ ვინმეს ჩვენს შეთავაზებასთან ანტაგონისტური და სხვა იდეები აქვს, ესეც შეიძლება განსახილველი იყოს, მაგრამ ამ წუთას ალბათ პრიორიტეტი არის იმაზე მუშაობა, რაც შეთავაზებული გახლავთ", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაზღვევის “დაშენებული” ანუ “შემავსებელი” პაკეტები 2017 წელს გააუქმა. იქამდე მოქალაქეებს კერძო დაზღვევასთან ერთად სახელმწიფო, საყოველთაო დაზღვევის სერვისებით სარგებლობა შეეძლოთ. შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავებას ემსახურებოდა, თუმცა შედეგად ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და სადაზღვევო პაკეტები გაძვირდა. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების აღდგენის რეკომენდაცია 2 წლის წინ კონკურენციის სააგენტომაც გასცა, რაზე პასუხიც მთავრობის მხრიდან ჯერ არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები