მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯანდაცვის სისტემისთვის აქილევსის ქუსლი დღეს საექთნო მიმართულებაა” - ეკა ქავთარაძე

ექთანი

“ჯანდაცვის სისტემისთვის აქილევსის ქუსლი თუ არის რამე დღეს, ეს არის საექთნო მიმართულება” - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში "ვიანის" დირექტორის მოადგილე სტრატეგიული მიმართულებით, ეკა ქავთარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრობლემა როგორც ექთნების რაოდენობაში, ისე მათ კომპეტენციაშია.

“ერთი მხრივ, დეფიციტურია კადრი და საშუალოდ, 1.5-ჯერ ცოტაა, ვიდრე მინიმალურ სტანდარტს შეეფერება. მეორე მხრივ, ძალიან პრობლემურია კომპეტენციები. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე 2012 წლიდან გვაქვს შიდა საექთნო სასწავლო პროგრამები, თუმცა ამ დროიდანვე გაკეთდა მენეჯმენტის მხრიდან პროგნოზი, რომ დეფიციტური ვითარება დადგებოდა. 

დღეს ევექსის ექთანი უკვე ბრენდია. ჩვენთან გადამზადებულ ექთანს ყოველთვის უკონკურსოდ აიყვანს ნებისმიერი კონკურენტი, რადგან იცის, რა სწავლება აქვს მას გავლილი. რა თქმა უნდა, კადრების გადინება სასიხარულო არასდროსაა, თუმცა დიდი პრობლემა სექტორისთვისაა, რადგან ფორმალურ განათლებას, რომელიც ამ სფეროშია, ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი, რათა არაფორმალური განათლების ფარგლებში ძალიან საბაზისო საგნების სწავლება არ გვიწევდეს”, - ამბობს ეკა ქავთარაძე.

“ვიანი” USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ბენეფიციარია: “ისეთ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, როგორიც USAID-ია და მათი გამოცდილების გაზიარება, საექთნო სწავლების პროცესს ფორმალურ განათლებასთან უფრო აახლოებს და უფრო სტრუქტურულ პროცესს გვაძლევს.

საექთნო გრანტის პირველი საფეხურის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. ექთნები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხერხემალია და ამ ნაწილში USAID-ის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, - ამბობს ეკა ქავთარაძე.

“ვიანში” ექთნების გადამზადების პროგრამების გარდა, რამდენიმე მიმდინარე პროექტიცაა, რომლებიც 80%/20% პრინციპით, სტანდარტულ ტრენინგ მოდულებსა და ინდივიდუალური უნარების განვითარების შერწყმას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები