"ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიების უმრავლესობისთვის წამგებიანია", - ამის შესახებ "ჯი პი აი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თინა სტამბოლიშვილი მესამე კვარტალში სადაზღვევო სექტორის ფინანსური შედეგების შეფასებისას აცხადებს.
სადაზღვევო კომპანიებმა მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 417,2 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
"სულ რამდენიმე კომპანია არის მოგებაზე გასული. ათეული წლებია ასე გრძელდება. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ერთ-ერთი შეიძლება იყოს ის, რომ ძირითადი წილი დაზღვევაში უჭირავს დაზღვევის ისეთ სახეობას, რომელიც ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთაც არის ძალიან დაბალი მოგების მომტანი. ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანრთელობის დაზღვევა არ არის მომგებიანი მიმართულება, არამედ პირიქით, წამგებიანია კომპანიების უმრავლესობისთვის. ცხადია აქ აქვს მნიშვნელობა თავად მენეჯმენტს, როგორ ახორციელებს ის ამ წამგებიანი და მომგებიანი მიმართულებების კომბინაციას და რა პროდუქტები შემოავქვს ბაზარზე ისეთი, რომელიც მის განვითარებას და გრძელვდიან მომგებიანობას უწყობს ხელს“-აცხადებს თინა სტამბოლიშვილი.
შეგახსნებთ, რომ სადაზღვევო სექტორის მთლიანი მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, ყველაზე მეტი მოგება - 11,5 მილიონი ლარი "ალდაგმა" მიიღო, "თიბისი დაზღვევა“ მომგებიანობის მიხედვით მეორე პოზიციაზეა. 9 თვეში ამ კომპანიამ 6,9 მილიონი ლარის მოგება მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "თიბისი დაზღვევის“ მოგება თითქმის 6-ჯერაა გაზრდილი. მესამე პოზიციაზე მომგებიანობის მიხედვით "ჯიპიაი ჰოლდინგია" - 3,2 მილიონი ლარით, 2,3 მილინი ლარით კი მეოთხე პოზიციას "იმედი L" იკავებს. ჯამში 4-ვე კომპანიას, მოგების სახით 24 მილიონი ლარი აქვთ მიღებული, მაშინ როცა 17 სადაზღვევო კომპანიის ჯამური მოგების მაჩვენებელმა 9 თვის მონაცემებით 34,6 მილიონი შეადგინა. მეხუთე პოზიციაზეა "ტაო", რომელმაც 9 თვეში 1,5 მილიონილარის მოგება მიიღო, მეხუთეზე კი "ირაო“ 1,2 მილიონის მოგებით. ფინანსური მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული 17 სადაზღვევო კომპანიიდან, ერთის - "ევროინსის“ გარდა, 3 კვარტალი ყველამ მოგებით დაასრულა.