ეკონომიკის სამინისტრომ "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც თითქმის ყველა ინდუსტრიულ პროდუქტს ეხება და ბაზრის ზრდამხედველობისთვის ეფექტური მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.
"საქმის კურსთან" საუბრისას ეკონომიკის სამინისტროს, DCFTA-ის განმახორციელებელი კორდინაციის სამმართველოს უფროსი, გიორგი ჩიტაძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია და უახლოეს პერიოდში ცვლილებების პროექტი განსახილველად მთავრობას, შედგომ კი საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.
მისი თქმით სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების გარკვეულ ნაწილზე ბაზარზე ზედამხედველობას განახორციელებს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, ხოლო ნაწილზე - სხვა სამინისტროები, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №641 დადგენილებაში „სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
"ამ ეტაპზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შეითავსებს გარკვეულ ზედამხედველობას. შემდგომ კი სექტორულად გადაწყდება რომელ პროდუქტებზე რომელი სამინისტროს რომელი სააგენტო იქნება ზედამხედველი", - აცხადებს გიორგი ჩიტაძე.
ბაზარზე სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველი შესაბამის ზომებს მიიღებს. ამასთან, ბაზარზე არსებული პროდუქტები შემოწმდება არა მხოლოდ სიცოცხლის მიმართ, არამედ როდესაც ის საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და ადამიანის საკუთრებას.
"კანონის ეს ვერსია ითვალისწინებს სამი სახის მოქმედებას. პირველი - თუ არის უმნიშვნელო დარღვევა, მოხდება გაყიდვების დროებითი შეჩერება, რათა მოხდეს კონკრეტული დარღვევის გამოსწორება. თუ არ გამოსოწრდა ეს დარღვევა ან ფიქსირდება შედარებით რთული დარღვევა, ამ შემთხვევაში მოხდება გამოთხოვა ბაზარზე არსებული პროდუქტების, რათა ის არ გავრცელდეს მოსახლეობაში. მესამე -თუ იქნება განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა, ამ შემთხვევაში მოხდება მომხმარებლებისგან გამოთხოვა. ამას სახელმწიფო კი არ გააკეთებს, არამედ დაავალდებულებს მიმწოდებელს, რომ შესაბამისი კომპენსაციის საფუძველზე გამოითხოვოს ეს პროდუქცია მომხმარებლებისგან. ეს კლასიკური სქემაა, რომელიც ევროკავშირში მუშაობს", - განმარტავს ჩიტაძე.
ცვლილებების პროექტის მიხედვით, ბაზრის შემოწმების მექნიზმი დამყარებული იქნება შესაბამის რისკებზე.
"წარმოუდგენელია ყველა სათამაშო, რომელიც საქართველოს ბაზარზეა განთავსებული, შემოწმდეს. წარმოუდგენელია თუნდაც ყველა სამშენებლო მასალის შემოწმება. სადაც იქნება რისკი მაღალი, იმის მიხედვით მოხდება ზედამხედველობის განხორიციელება", - აცხადებს გიორგი ჩიტაძე.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე იმისათვის, რომ საქართველოში დაინერგოს ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან.
ინდუსტრიული/სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ნაწილში DCFTA ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის 21 დირექტივასთან, დღევანდელი მდგომარეობით 6 მათგანთან დაახლოება უკვე განხორციელებულია.

























