26 დეკემბერს იაპონურ ავიახაზებზე კიბერშეტევის გამო Japan Airlines-ს 20-ზე მეტი შიდა ფრენის გადადება მოუწია - ამის შესახებ Euronews იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას შიდა სისტემების აღსადგენად რამდენიმე საათი დასჭირდა, ფრენების ძირითადი ნაწილი კი 30 წუთზე მეტი დროით გადავადდა.
Japan Airlines-ის ინფორმაციით, პრობლემა დღეს დილიდან დაიწყო, როდესაც კომპანიის ქსელი, რომელიც შიდა და გარე სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებს, გაითიშა. ავიაკომპანია აცხადებს, რომ მომხდარს ფრენების უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია.
როგორც ირკვევა, ქსელური სისტემის გადატვირთვა მონაცემთა მასობრივმა გადაცემამ გამოიწვია. ასეთი კიბერშეტევების დროს ქსელი ტრაფიკით იტვირთება და სიგნალებზე რეაგირებას ვეღარ ახერხებს. JAL-ის თქმით, შეტევის მიუხედავად, მგზავრთა პირადი მონაცემები უსაფრთხოდაა შენახული.
ხუთშაბათ დილის მონაცემებით, შეფერხება შეეხო 24 ფრენას.