მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და მსვლელობის დროს გზის გადაკეტვის ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი ათობით მოქალაქეს შეუდგინეს. სასამართლო განხილვები კი, უმეტესად მოქალაქეების 5000 ლარით დაჯარიმებით სრულდება. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა შსს-ს სასამართლოში მყარი მტკიცებულებები წარდგენილი.
„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმების მოცულობა, 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული აქტიური საპროტესტო აქციების ფონზე მკვეთრად გაზარდა. 30 დეკემბრიდან მათ შორის, გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა გაათმაგდა და 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარით განისაზღვრა.
აქციების მონაწილეები ფიქრობენ, რომ ეს ერთგვარი დაშინების მცდელობა და აცხადებენ, რომ „ხელისუფლება მოქალაქეების მიმართ ფინანსურ ტერორს მიმართავს“, რადგანაც მოქალაქეების უმეტესობას არ აქვს საკმარისი შემოსავალი, რომ ამ მოცულობის ჯარიმის გადახდა შეძლონ.
ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციით, "შეკრების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა უნდა შეესაბამებოდეს მათი ქმედების ხასიათს, უნდა იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული.
რამდენად არის პროპორციული ადმინისტრაციული სამართალდაღვევისთვის 5000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ბოლო ცვლილებით 10-ჯერ გაიზარდა. მით უფრო, რომ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჯარიმის დაკისრებისას დარღვევის ინდივიდუალური ფაქტორები ხშირად განხილული არც არის.
BMG ასევე დაინტერესდა, რეალურად რამდენ ადამიანს აქვს თვიურად 5000 ლარი და მეტი შემოსავალი და ჯარიმის გასტუმრების ფინანსური უნარი შესწევს.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში სხვადასხვა წყაროდან (ხელფასი, დივიდენდი, როიალტი და ა.შ) შემოსავალი 1 230 881 პირმა მიიღო, მათგან მხოლოდ 15%-მა ანუ მხოლოდ 185 470 პირმა მიიღო შემოსავლის სახით თვეში 4800 ლარი და მეტი. დანარჩენი 1 045 411 ადამიანის შემოსავალი თვეში 4800 ლარზე ნაკლებია. ამასთან, შემოსავლის მიმღებ პირთა შორის ყველაზე მეტი ის პირები არიან, რომლებმაც შემოსავალი 1200-2400 ლარის ფარგლებში მიიღეს - ასეთი 314 836 პირია. თითქმის 294 000 პირს კი, 600 ლარი ან ნაკლები შემოსავალი ჰქონდა.
ის, რომ "ქართული ოცნების" გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემურია და ჯარიმებიც არაპროპორციულად მაღალი "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო მოსიძის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. სასამართლომ 26 იანვარს, მოსამართლის, მალხაზ ოქროპირიძის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი შეკრების გამო 9 პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეული 5000 ლარით დააჯარიმა. მიუხედავად იმისა, რომ შეკრების ერთ-ერთმა მონაწილემ, მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ მოსამართლეს მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ აცნობა.
"ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამ სანქციას [5000 ლარი] გავუმკლავდეთ. მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და ძალიან გთხოვთ, არ მსურს ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება", – თქვა მასწავლებელმა სასამართლო სხდომაზე. ამის მიუხედავად, მოსამართლემ აფხაზავა, კიდევ 8 პირთან ერთად, 5000 ლარით დააჯარიმა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც ექვსი მათგანის ინტერესებს იცავდა, წერს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები "ერთდროულად რამდენიმე მიზეზითაა პრობლემური, ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის რაოდენობა არაპროპორციულად მაღალია, მეორე მხრივ, კი სრულადაა გამორიცხული მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილება, სამართალდამრღვევის პიროვნული მახასიათებლების, რეპუტაციისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს ჯარიმის ოდენობა, რაც იმთავითვე წინააღმდეგობრივია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.




























