მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯარიმები ეუთოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის" - სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

"ქართული კოშმარი აშინებს დიპლომატებს, აჩუმებს მოქალაქეებს და უგულებელყოფს ევროპულ პრინციპებს" - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ის მიერ ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის ₾5 000 ლარით დაჯარიმებას.

"ჯარიმები ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის: ქართული კოშმარი აშინებს დიპლომატებს, აჩუმებს მოქალაქეებს და უგულებელყოფს ევროპულ პრინციპებს. მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები იგნორირებულია და თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ცნობისთვის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის უკანონო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს. ელინა ვალტონენი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დაასრულა.

15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ, "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო" ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.

გუშინვე, ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რომ საგარეო მინისტრმა თავად გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, ვინაიდან მას აზერბაიჯანში გამგზავრება დაგეგმილზე ადრე მოუწია. მოგვიანებით, ელინა ვალტონენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები