"ქართულ ოცნებას" „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შეაქვს, რომლის თანახმადაც, თუ პირი გზის გადაკეტვის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის და პოლიციელს დაუმორჩილებლობისთვის დაკისრებული ჯარიმას არ გადახდის, შესაბამისი ქმედების განმეორება არა ჯარიმით, არამედ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სახელმწიფო-პოლიტიკურ თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული, არამედ მას ადნისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, გარდა იმ ზოგადი გამონაკლისებისა, რაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა“ გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოებების სახით პატიმრობის გამოყენების დროს.
ამასთან, შემოდის პრინციპი, რომლის თანახმად, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში. ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.




























