მთავრობის დადგენილებით, რომელიც დღეიდან, 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, ჯარში გაწვევის უწყება საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ითვლება.
ცვლილებები „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა და ძირითადად, სამხედრო ვალდებულების მქონე პირებთან დაკავშირებას ეხება, იმას თუ როდის ითვლება უწყება ჩაბარებულად და რა ხდება გამოუცხადებლობისას.
გამოძახება შეიძლება განხორციელდეს ტექნიკური საშუალებით, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით, და ამის დამადასტურებლად სააგენტოს შეუძლია ჰქონდეს უკუკავშირი ან სპეციალური აქტი.
უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე.
თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი 2 სამუშაო დღის ვადაში არ განხორციელდა, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.
ამასთან, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებამ სტუდენტს უწყება უნდა ჩააბაროს და 10 სამუშაო დღეში სააგენტოს აცნობოს, ჩაბარდა თუ არა და თუ არა - რატომ.
დაზუსტდა, რომ გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობის შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და იგზავნება სასამართლოში.
სამედიცინო შემოწმებაზე არგამოცხადება მიბმულია ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. თუ გამოძახებული პირი არ გამოცხადდა ან შემოწმებას თავი აარიდა, სააგენტო 5 სამუშაო დღის ვადაში ადგენს ოქმს და მასალებს სასამართლოს გადასცემს.




























