თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა.
TV პირველის ცნობით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
გამოძიება გიორგი უძილაურს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გიორგი უძილაური 5 მაისს, ჯაშუშობის ბრალდებით, დააკავეს. ბოლო პერიოდში ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. უფრო ადრე კი, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.




























