ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, მათ შორის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო, ტურისტული ჯავშნები უქმდება.
როგორც კომპანია “დისქავერ ჯორჯიას” დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, ჯავშნები როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აზიიდან უქმდება, მათ შორის ზამთრის კურორტებზე. ნინო კეკელიძის თქმით, ევროპელ პარტნიორებში საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, რის ფონზეც ვიზიტები უქმდება.
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება მშვიდობის კონცეფციას, თბილისის ქუჩებში ძალადობას ვხედავთ, ეს ცდება საქართველოს მასმედიას და უკვე საერთაშორისო პრესა საუბრობს საქართველოზე, როგორც ძალადობის მქონე ქვეყანაზე, სადაც დაპირისპირებაა ხალხსა და სამართალდამცველებს შორის
ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ სწორედ მოხდეს საქართველოს პოზიციონირება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე და დღეს როგორ ვჩანვართ მსოფლიო პრესაში? ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად უკვე აისახება ჩვენს ჯავშნებზე. როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან ხდება ჯავშნების გაუქმება. ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ გერმანიიდან, ევროპული ქვეყნებიდან ზამთრის კურორტებზე ჯავშნები უქმდება. პარტნიორებისგან სავალალო წერილებს ვიღებთ, ისინი გვერდში გვიდგანან, თუმცა ვერ რისკავენ, რომ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენთან დასასვენებლად გამოუშვან. პირველ რიგში, ძალადობის აღმოფხვრა გვჭირდება და შემდეგ, ქვეყნის პროევროპული გეზი ისევ სწორ გზაზე უნდა დავაყენოთ”, - განაცხადა ნინო კეკელიძემ.