მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯავშნების 60% გაგვიუქმდა" - ტურისტული კომპანია "დისქავერ ჯორჯია"

ნინო კეკელიძე

ტურისტული კომპანია “დისქავერ ჯორჯიას“ განცხადებით, კომპანიას ჯავშნების 60% გაუუქმდა. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო კეკელიძემ განაცხადა, ჯავშნები დეკემბრიდან უქმდება, რაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორისთვის პრეზენტაცია "ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები" გამართა. სწორედ ამ ღონისძიებაზე მიეცა bm.ge-ის შესაძლებლობა სექტორის წარმომადგენლებისთვის კითხვები დაესვა.

„გვაქვს ჯავშნების გაუქმება ჯერ კიდევ დეკემბრის თვიდან მოყოლებული. ასევე, მომდევნო ჯავშნების მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება, ვინაიდან არ ვიცით, რომელი ქვეყნების მიხედვით გავაკეთოთ აქცენტი. განვლილი სტრატეგიის მიხედვით, მაღალმხარჯველუნარიანი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინებაზე გვქონდა აქცენტი - ძირითადად აზიის და ევროპული განვითარებული ქვეყნებიდან.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე შეინიშნება ჯავშნების 60%-იანი გაუქმება, ასევე მიმდინარე ჯავშნების მიმართულებით გადავადება გაურკვეველი ვადით. რაც შეეხება ქვეყნების მიმართულებას, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავრჩეთ ძველი სტრატეგიის კვალდალკვალ, თუმცა ახალი სტრატეგია არ გვაქვს და ვნახოთ, რა ტენდენციებს მოგვაწვდის ტურიზმის ეროვნული სააგენტო“, - განაცხადა ნინო კეკელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სტაბილურობის დასაბრუნებლად „მიმდინარე ძალადობრივი ქმედებების აღმოფხვრა არის მნიშვნელოვანი“.

როგორც ნინო კეკელიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ უცხოელმა ტურისტმა თავი აქ ჩამოსვლისას უსაფრთხოდ იგრძნოს.

„განვითარების და ეკონომიკის განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ შემოსულმა ტურისტმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, არათუ ადგილობრივი მოქალაქეების ძალადობრივი ქმედებები ჩანდეს, არამედ თბილისმა, რომელიც ადრე ევროპაში ცნობილი იყო ერთ-ერთ უსაფრთხო ქალაქად წოდებული, შეინარჩუნოს იგივე სტატუსი“, - განაცხადა “დისქავერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები