მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯავშნების გაუქმებები 5-დან 100%-მდეა" - როგორ აისახა ახლო აღმოსავლეთის ომი ტურიზმზე?

ნატალია კვაჭანტირაძე

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე სასტუმროების და ტურისტული კომპანიების ნაწილს ჯავშნების 5-დან 100%-მდე გაუქმებები უფიქსირდებათ. ნატა კვაჭანტირაძემ ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგებზე BMG-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ გაუქმებები ძირითადად მარტი-აპრილის პერიოდზე მოდის.

"ნებისმიერი კრიზისი პირველ ასახვას, რა თქმა უნდა, ტურიზმის ინდუსტრიაზე პოულობს. სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას ცალსახად შეეხო ნებისმიერი გაუქმება, რომელიც დავუშვათ უკავშირდებოდა მარტი-აპრილის პერიოდს. რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ საყურადღებო აქცენტებს ვაკეთებთ წევრი ორგანიზაციების გამოკითხვის შემდეგ. ახლაც, წინა კვირაში ჩავატარეთ გამოკითხვა და ურთულესი სიტუაცია გამოვლინდა, ფაქტობრივად იმისდა მიხედვით, თუ რომელ ბაზრებზე ოპერირებს სასტუმრო ან ტურისტული კომპანია, 5-დან 100%-მდე გაუქმებები ფიქსირდება მარტი-აპრილის და მომდევნო მაისი-ივნისის თვეებშიც. ძირითადი ქვეყნები, საიდანაც შემოსვლა გაუქმდა, იყო ე.წ. გალფის ქვეყნები. წევრების 50-მდე პასუხი მივიღეთ, ძალიან მოკლე მოკვლევა ჩავატარეთ, რომ მყისიერი პასუხები მიგვეღო არსებულ ვითარებაზე და ეს მოცემულობა დაფიქსირდა.

ეს თავისთავად საყურადღებოა როგორც ჩვენი მხრიდან მათი ხელშემწყობი ინსტრუმენტების შემუშავებისთვის, ასევე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ვაწვდით ამ ინფორმაციას. ჩვენი მოკვლევა ემყარება იმას, რომ მათთან კომუნიკაციის შემდეგ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოვახდინოთ ბაზრების დივერსიფიცირება, რა ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება შემუშავდეს წევრი კომპანიებისთვის და არა მარტო სექტორისთვის. რადგანაც ტურიზმი ძალიან მოწყვლადი სექტორია, ძალიან მყისიერად ეხება ნებისმიერი გლობალური ცვლილება და, შესაბამისად, როცა ბიზნესი კონცენტრირებულია, მაგალითად, გალფის ქვეყნებზე, თავისთავად მას 100-პროცენტიანი ჯავშნების გაუქმება უფიქსირდება. ეს ძალიან, ნიშანდობლივია, რომ ჩვენ დივერსიფიცირების ნაწილში არ ვკონცენტრირდეთ მხოლოდ ერთ მიმართულებაზე. დივერსიფიცირება - ძალიან ხშირად გვესმის დღეს ჩვენ ეს ტერმინი და ეს არ ნიშნავს მხოლოდ ევროპის ჩანაცვლებას გალფის ქვეყნებით ან ევროპის ჩანაცვლებას ინდოეთით. ეს არასწორია. ბიზნესს ქვეყნების არეალის მაქსიმალური გაშლა სჭირდება, მით უმეტეს, მაშინ როცა ჩვენ შემომყვან ტურიზმზე ვსაუბრობთ",- აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) 2006 წელს დაარსდა და 300-ზე მეტ წევრს, მათ შორის სასტუმროსა და ტურისტულ კომპანიებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები