არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) დაფუძნებული ტურისტული კომპანიის AGL Tourism-ის დამფუძნებელი ალა დათუკიშვილი ამბობს, რომ ჯავშნების მასობრივი გაუქმება არ აქვს და დუბაიში ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან მომხმარებელს.
„დუბაიში რეალური სურათი ასეთია: სოციალურ ქსელებში ვითარება ხშირად უფრო დრამატულად ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს უსაფრთხო ნავსაყუდელის სტატუსს. რეგიონული დაძაბულობის მიუხედავად, დუბაიში ცხოვრება და ბიზნესი ჩვეულ რიტმში გრძელდება. სამწუხაროდ შეინიშნება, რომ მომხმარებელი უფრო ფრთხილი გახდა. ადრე მსგავსი სიფრთხილე არ ფიქსირდებოდა, რადგან უსაფრთხოების განცდა 100%-იანი იყო. მიუხედავად ამისა, ჯავშნების მასობრივი გაუქმება არ გვაქვს. პირიქით, ამ დაძაბულ პერიოდშიც კი აქტიურად შემოდის ჯავშნები, რადგან ბევრი ირჩევს დუბაის, როგორც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ წერტილს. რაც შეეხება ირანთან დაკავშირებულ დაძაბულობას, ეს პირველ რიგში, ავიამიმოსვლის მარშრუტებზე აისახა. თუმცა დღეიდან საამიროების ავიახაზები შეზღუდული გრაფიკით, მაგრამ მაინც განაგრძობენ ოპერირებას", - აცხადებს "საქმიან დილაში" ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.
ის მოქალაქეებს ურჩევს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ და არ ენდონ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ცნობას.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც სამშობლოში დროულად დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ცხელი ხაზი აამოქმედა. საელჩო მუდმივად კავშირზეა. მინდა აღვნიშნო, რომ მათი მხარდაჭერა არა მხოლოდ მიმდინარე დაძაბულ ვითარებას ეხება, პირადად მე არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც ტურისტს გამგზავრების წინ, აეროპორტში აღმოუჩენია პასპორტის დაკარგვის ფაქტი. წარმოიდგინეთ, ეს ხდება ფრენამდე სულ რაღაც 2-3 საათით ადრე, რაც დიდი სტრესია როგორც ჩვენთვის, ისე მომხმარებლისთვის. მიუხედავად დროის სიმცირისა, საელჩოს პრობლემა ძალიან სწრაფად მოუგვარებია და დაგვხმარებია", - ამბობს დათუკიშვილი.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელსა და აშშ-ის ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და საუდის არაბეთში. სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი.




























