თბილისში ჯანო ბაგრატიონის სახელობის ახალი საგანმანათლებლო სივრცე - JBS სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. დაწესებულება, რომლის აკადემიურ გუნდსაც 33-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ამერიკელი დირექტორი ტროი ფილმანი უძღვება, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების, სპორტისა და ველ-ბიინგის (Well-being) ინტეგრაციასა და ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზეა ორიენტირებული.
სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია - დაწესებულებამ პირველი ნაკადი Preschool-ისა და პირველი კლასის საფეხურებზე მიიღო, პარალელურად კი მომდევნო სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია და ღია კარის დღეები იწყება.
როგორც "საქმიან დილაში" JBS სკოლის თანადამფუძნებელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, სკოლის მთავარი მიზანი ბავშვის რეალური ცხოვრებისთვის მომზადება და ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც სწავლა მხოლოდ გამოცდების ჩაბარებაზე ორიენტირებული პროცესი არ არის.
"გაზაფხულზე მხოლოდ ხედვა გვქონდა, დღეს კი სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლა გაიხსნა, ფუნქციონირებს და სასწავლო პროცესი დაწყებულია. ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას იმ ოჯახების წინაშე, რომლებმაც შვილები გვანდეს. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ბავშვს საკუთარი თავის რწმენას ჩაუნერგავს, მისცემს მაღალი დონის ცოდნას, განავითარებს ფიზიკურად და, რაც მთავარია, სკოლაში სიარულით ყოველდღიურად გაახარებს", - აღნიშნავს ლევან ახვლედიანი.
ჰოლისტური განათლება, რომელზეც JBS სკოლის კრიკულუმია გაწერილი, სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს: აკადემიურ ცოდნას, ფიზიკურ განვითარებასა და ემოციურ მდგრადობას. სწორედ ამიტომ, JBS-ში სასკოლო დღე დილის 09:00-დან 18:00 საათამდე გრძელდება, თუმცა ბავშვებს ზედიზედ მხოლოდ ორი გაკვეთილი უტარდებათ.
"ჰოლისტური განათლება რთულად ჟღერს, თუმცა რეალურად ძალიან მარტივია: ჩვენ თანაბრად ვზრუნავთ მაღალ აკადემიურ ცოდნაზე, ფიზიკურ განვითარებასა და ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. ეს არ არის კედელზე გაკრული პოსტერი - ეს არის ყოველდღიურ სასწავლო რუტინაში გადათარგმნილი პროგრამა. ორ გაკვეთილს აუცილებლად მოსდევს ფიზიკური აქტივობა, ველ-ბიინგის ელემენტები ან შემოქმედებითი ნაწილი, რათა ბავშვებმა დახარჯონ ენერგია და შემდეგ საგაკვეთილო პროცესში უკეთესი კონცენტრაცია შეძლონ", - განმარტავს სკოლის თანადამფუძნებელი.
სკოლის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო საყრდენია 5R პროგრამა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის ადრეული განვითარების კვლევებს, სპორტულ ფსიქოლოგიასა და თვითგამორკვევის თეორიას ეფუძნება.
პროგრამა ხუთ ძირითად უნარს აერთიანებს: პასუხისმგებლობა, ურთიერთობები, გამძლეობა, რეფლექსია და მუდმივი ძალისხმევა.
"ეს ხუთი პრინციპი ნებისმიერი ადამიანის წარმატების საწინდარია. თუ ამ უნარებს ბავშვს პირველივე კლასიდან საკლასო ოთახში გადავცემთ, წარმოიდგინეთ, რამდენად მომზადებულები შეხვდებიან ისინი რეალურ ცხოვრებას სკოლის დამთავრებისას. სწორედ ამ სისტემაზე ვმუშაობდით ბოლო ორი წლის განმავლობაში", - ამბობს ახვლედიანი.
JBS-მა ქართული საგანმანათლებლო ავტორიზაცია უკვე გაიარა, პარალელურად კი საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს იწყებს, რომელიც როგორც ამერიკულ MSA-ს (Middle States Association), ისე IB (International Baccalaureate) პროგრამას მოიცავს.
შესაბამისად, სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართულ ატესტატთან ერთად, ამერიკული ან IB დიპლომი აიღონ.
როგორც თანადამფუძნებელი ხაზს უსვამს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორენოვან (Dual Language) მიდგომას:
"ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან, რათა უფროს კლასებში მშობლებს აღარ დასჭირდეთ რეპეტიტორების აყვანა საერთაშორისო გამოცდებისთვის. ამავდროულად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია უცხო ენის გაძლიერება მშობლიური ენის ხარჯზე. ჩვენი მიზანია, მეთორმეტე კლასის დასრულებისას მოსწავლე თანაბრად მაღალ დონეზე ფლობდეს როგორც ინგლისურს, ისე ქართულს, რათა თავისუფლად შეძლოს სწავლის გაგრძელება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი კულტურული და ენობრივი იდენტობა".
დაინტერესებულ მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, სკოლის ინფრასტრუქტურას, აკადემიურ გუნდსა და პროგრამას პირადად გაეცნონ. JBS-ის პირველი ღია კარის დღე 10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ოთარ ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე კამპუსში გაიმართება.
























