მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯეფ ბეზოსი ფიქრობს, რომ AI-ინდუსტრია სპეკულაციური ბუშტია

ბუშტი
სტატიაში საუბარია:

Amazon-ის დამფუძნებელი და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმე, ჯეფ ბეზოსი ფიქრობს, რომ AI-ინდუსტრია სპეკულაციურ ბუშტს წარმოადგენს.

იტალიაში გამართულ Tech Week-ზე მყოფმა მილიარდერმა თქვა, რომ ის რაც დღეს ხდება, 90-იანი წლების სპეკულაციურ მანიას ჰგავს, როცა ინვესტორები ყველაფერს აფინანსებდნენ, რაც ტექნოლოგიებთან ან ინტერნეტთან იყო დაკავშირებული. ცხადია, ტექნოლოგია და ინტერნეტი განვითარდა, თუმცა სპეკულატორმა ინვესტორებმა დიდი თანხები დაკარგეს, რადგან dot-com-ის სახელით ცნობილი ბუშტი გასკდა და საფონდო ბირჟიდან რამდენიმე ტრილიონის კაპიტალი გაქრა.

ბეზოსი ფიქრობს, რომ დღეს ინვესტორებმა არ იციან, თუ რაში უნდა ჩადონ ფული და რომელი სტარტაპი შეძლებს წარმატების მიღწევას, ამიტომ ისინი ყველა იმ კომპანიას და იდეას აფინანსებენ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული. Amazon-ის დამფუძნებლის აზრით, AI-სტარტაპების უმეტესობა კრახისთვისაა განწირული და ეს სპეკულაციური ბუშტი აუცილებლად დააზარალებს იმ ინვესტორებს, რომლებიც ყველაფერს გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ და კომპანიებს AI-ის გამო აფასებენ.

ბეზოსმა AI-ინდუსტრია კოსმოსურ პროგრამასაც შეადარა. მისი თქმით, „აპოლოს“ პროგრამაზე აშშ-ის მთავრობამ 10 წელიწადში დაახლოებით $300 მილიარდი დახარჯა, ხოლო ინვესტორები ახლა AI-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე წელიწადში $400 მილიარდს ხარჯავენ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ექსპერიმენტის მასშტაბებს.

ნეგატიური კომენტარების მიუხედავად, ბეზოსი თვლის, რომ AI საუკუნის მთავარი ინოვაციაა და ის ყველაფერს შეცვლის, თუმცა ზუსტად რომელი სტარტაპები შეძლებენ წარმატების მიღწევას, ამის წინასწარ განჭვრეტა, მისი აზრით, შეუძლებელია. ბეზოსი იმასაც ამბობს, რომ Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მრავალი მილიარდის დახარჯვას აპირებს, რადგან კომპანია, რომელიც AI-რევოლუციას ფეხს ვერ აუბამს, ისევე გაქრება, როგორც ყველა ის კომპანია, რომელმაც ერთ დროს ინტერნეტთან ადაპტირება ვერ შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები