მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯეიმი დაიმონი ხელოვნური ინტელექტის გამო სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხეზე აფრთხილებს

ჯეიმი დაიმონი

JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა აშშ-ში სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირება გამოიწვიოს. ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ბანკირმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური ცვლილებები იმაზე ბევრად სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს ინტერნეტის შემთხვევაში იყო. დაიმონის თქმით, უმუშევრობის ზრდა საზოგადოებისთვის დიდი პრობლემა იქნება, რისთვისაც წინასწარი მომზადებაა საჭირო.

როგორც ირკვევა, JPMorgan-ის ხელმძღვანელი გამოსავალს მთავრობისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავს. მისი ინიციატივით, სახელმწიფომ უნდა შექმნას წამახალისებელი სისტემა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თანამშრომელთა გადამზადებაზე, მათ სხვა პოზიციებზე გადაყვანაზე ან ნაადრევ პენსიაზე გასვლაზე იზრუნებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად JPMorgan-მა ავტომატიზაციის პროცესის პარალელურად უკვე დაიწყო კადრების შიდა გადაჯგუფება და ახალი თანამშრომლების მიღების ტემპის შემცირება.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე ვაშინგტონში ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ საკითხადაა ქცეული. სენატორებმა ჯოშ ჰოულიმ და მარკ უორნერმა უკვე წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მსხვილ კომპანიებს AI-ით გამოწვეული სამუშაო ადგილების კარგვის შესახებ კვარტალური ანგარიშგების მომზადებას ავალდებულებს. თავის მხრივ, კონგრესს თეთრმა სახლმაც მოუწოდა, შეიმუშაოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც გარდამავალ პერიოდში დასაქმებულთა სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები