“ბოსტონ სელტიკსის” ვარსკვლავმა ჯეისონ ტეიტუმმა გუნდთან 5 წლიანი 314 მილიონის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რაც წელიწადში მიღებული შემოსავლის მიხედვით სარეკორდო მაჩვენებელია და თითქმის 63 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამ შეთანხმებით მან თავისი თანაგუნდელის ჯეილენ ბრაუნის რეკორდი დაამხო, რომელმაც გასულ წელს ბოსტონელებთან ხუთ წელზე გათვლილი 305 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.
დაახლოებით ორი კვირის წინ “სელტიკსმა” NBA-ის ტიტული მეთვრამეტედ მოიგო, რაც ლიგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ამ მოვლენას კი მალევე კიდევ ერთი კალათბურთელის, დერიკ უაითის 4 წლიანი 126 მილიონად შეფასებული კონტრაქტის გაფორმებაც მოჰყვა, რითაც განახლებული მონაცემების მიხედვით “სელტიკსის” სასტარტო ხუთეულის ჯამური ანაზღაურება, ხელშეკრულებების სრული ხანგრძლივობის გათვალისწინებით, თითქმის ერთ მილიარდ დოლარს აღწევს.
ცნობისთვის, ამჟამად ჯეისონ ტეიტუმს მსოფლიო სპორტში ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს წლიური 63 მილიონი დოლარის ოდენობით, რადგან NFL-ში ყველაზე მაღალი ხელფასი წელიწადში 55 მილიონს შეადგენს, ხოლო ბეისბოლში დაფიქსირებული სარეკორდო, წლიური 70 მილიონიანი კონტრაქტი გადავადების გზითაა გაფორმებული და მას იაპონელი ბეისბოლისტი შოჰეი ოტანი 10 წლის შემდგომ ყოველწლიური სახით მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ “ბოსტონ სელტიკსის” წლიური ანაზღაურება 5,12 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მეოთხე შედეგია NBA-ში, ხოლო ზოგადად ამერიკულ სპორტში 21-ე.