Twitter-ის დამფუძნებელმა და Block-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის, Bluesky-ის საბჭო დატოვა.
მისი განმარტებით, დეველოპმენტის პროცესში Bluesky-ს გუნდმა მთავარი მიზანი დაკარგა და ის მორიგ სოციალურ აპლიკაციად იქცა, რომელიც თავისი შინაარსით Meta-ს შვილობილ პლატფორმებსა და ილონ მასკის X-ს კონკურენციას ვეღარ გაუწევდა. აღსანიშნავია, რომ თავად X-ის წინამორბედი, ანუ Twitter-ი სწორედ ჯეკ დორსის მიერაა დაფუძნებული.
დორსის თქმით, Bluesky უკვე აღარ არის დეცენტრალიზებული, რაც მთელი ამ პროექტის არსი იყო. როგორც ჩანს, Bluesky-ს ხელმძღვანელობამ პროექტში კერძო ინვესტორების შემოყვანა გადაწყვიტა, რამაც საბჭოში ვენჩურული კაპიტალისტების გამოჩენა და ძალაუფლების კონცენტრაცია გამოიწვია, სწორედ ამიტომ, დორსი პროექტს ჩამოშორდა, როგორც იურიდიულად, ასევე ფიზიკურად.
ამერიკელი მეწარმე აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების კუთხით X-ს კონკურენტი ჯერაც არ ჰყავს, რითაც ის ნამდვილად ამაყობს და სწორედ ამიტომ ამ სოციალური ქსელით დღემდე სარგებლობს.