მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მას დაღმასვლა - ჩინეთის უმდიდრესი მეწარმიდან პოლიტიკურ დევნილობამდე

62e7db34165d7
გიორგი თოლორდავა
02.08.22 00:30
7322
თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში ჯეკ მა ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მეწარმეა, რომლის დაღმასვლის ამბავსაც რთულია რეალური და დამაჯერებელი ვუწოდოთ. ჩინეთის უმდიდრესი ადამიანობიდან დე-ფაქტო პოლიტიკურ დევნილობამდე ჯეკ მას "დანარცხებას" 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა - ერთი საბედისწერო განცხადებით მილიარდერი სუპერვარსკვლავი მმართველი კომუნისტური მთავრობისთვის „პერსონა ნონ გრატად“ იქცა.

ჯეკ მას აღმასვლა 1999 წელს, კომპანია Alibaba-ს დაფუძნებით დაიწყო, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონული კომერციის უმსხვილესი პლატფორმაა, და მას მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის დაფუძნებიდან რამდენიმე წელში Alibaba ჩინეთის Amazon-ად იქცა და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით (B2B), თავად ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტსაც კი გადაუსწრო. 2020 წელს Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 843 მილიარდ დოლარს მიაღწია, თავად ჯეკ მას ქონება კი 61 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რითაც ის ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა.

ჯეკ მას გავლენა მხოლოდ უმსხვილესი ჩინური კომპანიის დაფუძნებით არ შემოიფარგლება, ის აგრეთვე Ant Group-ს ფლობს, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, Alibaba-სა თუ ნებისმიერ სხვა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიაზე მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ Ant Group-ი ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს საგადახდო პლატფორმას - Alipay-ს ფლობს, თავად ჰოლდინგი კი საბანკო ფუნქციას ასრულებს, თუმცა ფინ-ტექ რეგულატორულ ჩარჩოშია მოქცეული, რაც მას სხვა ჩინურ კომერციულ თუ სახელმწიფო ბანკებთან შედარებით უდიდეს უპირატესობას ანიჭებს, ვინაიდან, მას არ უწევს იმ მკაცრი რეგულაციების დაცვა, რომელთა წინაშეც, მაგალითად, ჩინეთის ინდუსტრიული ბანკია.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჯეკ მა ქვეყნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის დამფუძნებელია და მისი გავლენა ვრცელდება როგორც ინტერნეტ, ტექნოლოგიურ და კომერციის ინდუსტრიებში, ასევე საბანკო-საფინანსო სექტორებშიც.

აშკარა ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გარდა, გასათვალისწინებელია ჯეკ მას იმიჯი და რეპუტაცია, რომელიც სულაც არ ჯდება კლასიკური ჩინელი ბიზნესმენის აღწერილობაში. ჯერ კიდევ 1999 წლიდან მოყოლებული, ის მსოფლიოსათვის ცნობილი იყო, როგორც: მეამბოხე, ქარიზმატული, ინოვაციური და თამამი მეწარმე, რომელსაც არ ეშინოდა გამოწვევებისა თუ რეგულაციების, რომელიც ნებისმიერ ვითარებას სათავისოდ გამოიყენებდა და არსებულ გამოწვევებს აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ინოვაციური მეთოდებით გადალახავდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლამდე რეალობა და ჯეკ მას რეპუტაცია სრულ შესაბამისობაში იყო, თუმცა სწორედ 2020 წლიდან იწყება კატასტროფული ვარდნა, რომელმაც ჩინური ბიზნესის დე-ფაქტო ელჩი საჯარო სივრციდან და საერთაშორისო ასპარეზიდან უბრალოდ გააქრო.

2020 წლის 24 ოქტომბერს შანხაიში, ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე, ჯეკ მა დამსწრე საზოგადოების წინაშე 20-წუთიანი საბედისწერო სიტყვით წარსდგა. დარბაზში შეკრებილთა შორის იყვნენ: კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები, სამინისტროების წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, გავლენიანი მეწარმეები და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები.

სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო თავად უზენაესის - კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

ჯეკ მამ განაცხადა, რომ ბიზნესის მიმართ მთავრობის მიდგომა უნდა შეცვლილიყო, ბიუროკრატიის გავლენა კერძო სექტორზე უნდა შემცირებულიყო, კომპანიების განვითარების საკითხი კი თავისუფალი ბაზრის პრინციპით უნდა გადამწყდარიყო.

მისი სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი რეგულაციების, ინოვაციისა და ფინანსური რისკების საკითხებს შეეხო.

„მსოფლიოსა და ჩინეთის წინაშე არსებული პრობლემების უდიდესი ნაწილის მოგვარება მხოლოდ ინოვაციითაა შესაძლებელი, თუმცა ინოვაციისთვის აუცილებელია შეცდომების დაშვება. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს შეცდომების თავიდან არიდება და რისკების ნულამდე შემცირება, ჩვენ შეცდომებზე სწავლა და ამ გზით მიღებული ცოდნით განვითარება უნდა შეგვეძლოს. ურისკო ინოვაცია არ არსებობს, რისკების ნულამდე შემცირება ინოვაციის შეწყვეტას გულისხმობს. ზოგჯერ თავად რისკების შემცირებაა ყველაზე დიდი რისკი“, - განაცხადა ჯეკ მამ საფინანსო-საბანკო სექტორში არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მენეჯმენტის შესანიშნავი უნარები გამოგვარჩევს, თუმცა ზედამხედველობის მიმართულებით უდიდესი ჩავარდნა გვაქვს. კარგ ინოვაციას რეგულაციების არ ეშინია, თუმცა საჭიროა, რომ რეგულაციები არ იყოს გუშინდელი. რკინიგზის სადგურის მსგავსად აეროპორტის მართვა დაუშვებელია - წარსული მეთოდებით მომავლის მართვა არ შეიძლება.

ინოვაცია რომ რეგულაციაზე წინ იყოს, ეს სავსებით ნორმალურია, თუმცა თუკი ინოვაცია ზედმეტად უსწრებს რეგულაციას, ეს უკვე პრობლემას იწვევს, ამან შესაძლოა საზოგადოება და მთელი მსოფლიოც კი ქაოსის საფრთხის წინაშე დააყენოს“, - დასძინა მან.

ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლამ თავად ქვეყნის ლიდერი სი ძინპინიც განარისხა. ჩინეთის თანამედროვე ისტორია კი იმას ცხადყოფს, რომ ძინპინთან დაპირისპირება კარგად არავისთვის სრულდება.

ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო; ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი; ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაბლოკა.

ჯერ კიდევ ბუნდის ეკონომიკურ სამიტამდე დაგეგმილი იყო, რომ 2020 წელს Ant Group-ის აქციები საფონდო ბირჟაზე უნდა განთავსებულიყო, IPO-ს წინასწარი შეფასება კი 37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ჯეკ მას სიტყვით გამოსვლის გამო, მთავრობამ გარიგება ჩაშალა, Ant Group-ს კი საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მიეცა.

ძინპინის რისხვა მხოლოდ IPO-ს ჩაშლით არ შემოფარგლულა, რამდენიმე თვეში მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

2021 წლისთვის ჯეკ მამ ოფიციალურად დაკარგა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი, ამჟამად კი ის Forbes-ის რეიტინგში $25-მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში 56-ე ადგილამდეა ჩამოქვეითებული.

საბედისწერო განცხადებიდან ორი წლის შემდეგაც კი, მთავრობის შურისძიება არ დასრულებულა - ამჟამად დღის წესრიგში ჯეკ მას სრული ჩამოქვეითება და მისი მილიარდერების რეიტინგიდან გაქრობაა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჯეკ მა Ant Group-ის 50.52%-იანი წილის დათმობას და სამმართველო პაკეტის სხვა აქციონერებისთვის გადაცემას განიხილავს, რაც საბოლოოდ შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ფინ-ტექ კომპანიაზე.

საგულისხმოა, რომ ჯეკ მამ უკვე დატოვა Ant Group-ის აღმასრულებლისა და საბჭოს წევრის თანამდებობები, ის აგრეთვე სრულადაა ჩამოშორებული Alibaba-ს მენეჯმენტს. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ კი ის არცერთ საჯარო ინტერვიუში არ გამოჩენილა, უფრო მეტიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

ერთ დროს ყველაზე აქტიური, ხმამაღალი და გავლენიანი მეწარმე თითქმის სრულად ჩამოშორდა მის მრავალმილიარდიან ბიზნეს იმპერიას; მას ფაქტობრივად წაერთვა საჯაროდ გამოჩენის უფლება; ჩინეთის მთავრობამ კი მიზანს მიაღწია - მთელმა მსოფლიომ კარგად გაიგო, რომ მმართველ კომუნისტურ პარტიაზე მაღლა არავინ დგას, არც თავად ჯეკ მა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები