მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯეო-ემ-ტექსის" ტექსტილის საწარმო წარმოების გაფართოებას გეგმავს

57e10139249a4
BM.GE
20.09.16 13:26
2541
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ საწარმოს ეწვია, სადაც დამზადებული პროდუქცია სრულად გადის ექსპორტზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ჯეო-ემ-ტექსი“ წარმატებით თანამშრომლობს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, მათ შორის „მონკლერთან“. კომპანია სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და გაფართოებას გეგმავს.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაესაუბრა საწარმოში დასაქმებულებს და კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია დაათვალიერა. ამჟამად „ჯეო-ემ-ტექსში“ 320 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა შეისწავლოს მკერავის პროფესია, რადგან კომპანია აქტიურად ახდენს კადრების მუდმივ რეჟიმში გადამზადებას და შემდგომში დასაქმებას. საწარმოში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 45 წელია.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სწორედ ეს არის ის შედეგი, რისთვისაც იქმნებოდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

„კიდევ უფრო სასიამოვნოა ის გეგმები, რომლებიც საწარმოს გააჩნია. კერძოდ, წლის ბოლომდე „ჯეო-ემ-ტექსის“ საწარმოში 500 ადამიანი დასაქმდება,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს „ჯეო-ემ-ტექსმა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები