კლინიკების ქსელი "ჯეო ჰოსპიტალი" რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმებისთვის მზად არის.
როგორც Bm.ge-ს „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ განუცხადა, მათ სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია გუშინ ჰქონდათ და მზაობა გამოთქვეს ახალი კადრები მიიღონ.
ზუსტი რაოდენობა, რამდენი ახალი თანამშრომლის მიღება შეუძლია კლინიკას, ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, თუმცა თქვეს, რომ კადრები სჭირდებათ და საჭიროებისამებრ მიიღებენ.
„მზად ვართ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ოპტიმალური პირობები შევთავაზოთ. კარგი ექიმების და ექთნების ადგილი სულ გვაქვს ჩვენ „ჯეო ჰოსპიტალში“, ასე რომ თუ ორმხრივი დაინტერესება იქნება მზად ვართ მათთან თანამშრომლობა ინდივიდუალურად განვიხილოთ.
ვერ გეტყვით რამდენს მივიღებთ, მაგრამ არის იმის რესურსი, რომ დამატებითი კადრები მოვიზიდოთ. როგორც იქნება საჭირო და სპეციალისტები ვინც დაგვჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს გავუზიარებთ და შეთანხმება ერთობლივად მოხდება.
გუშინ გვქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და შემდგომ ეტაპს ველოდებით. გამოვხატეთ ინტერესი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შევთავაზოთ საჭიროების და ინტერესის მიხედვით შესაბამისი წინადადებები. ნებისმიერი ექიმი, სპეციალისტი, რომელიც ჩვენ არსებულ ვაკანსიას ესადაგება მზად ვართ გავითვალისწინოთ. მაგალითად, თუ ნევროლოგი იქნება მას გავუკეთებთ შეთავაზებას, თუ ექთნები არიან და უნდათ ჩვენს ლოკაციებზე მუშაობა მათ გავუკეთებთ შეთავაზებას და ა.შ“, - განაცხადეს ნინა კობახიძემ.
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც უწყების ცნობით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს დასაქმება შესთავაზეს.
ეს სამედიცინო დაწესებულებებია:
- რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- საჩხერის რესპუბლიკური საავადმყოფო;
- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
- ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
- გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
- ჯეო ჰოსპიტალი ქსელი;
- კავკასიის მედიცინის ცენტრი;
- ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
- თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
- იმედის კლინიკა;
- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
- თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი
ამასთან, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები 3 დღეა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქციებზე აპროტესტებენ. კონკრეტულად კი ექიმები რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟისა და კადრების რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ექიმების დღევანდელი საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, გუშინ კი ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე 15:00 საათზე ექიმებთან შეხვედრა დააანონსა.
ჯანდაცვის სამინისტრომ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, კომპენსაციებთან დაკავშირებით, შეთავაზების პროცესი ოფიციალურად 24 იანვარს დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური პაკეტი, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას, თუ ღირსეულ კომპენსაციას გულისხმობს, კლინიკის პერსონალს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 22 იანვარს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.