გათბობისა და წყალგაყვანილობის პროდუქტების ბაზარზე 2021 წლის 20 აპრილს, შპს „ჯეოფაიფ“-ის მიერ შპს „სიბელ“-ის 100%-იანი წილის შეძენა სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა,- ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, სააგენტომ, ორ კომპანიას შორის კონცენტრაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რომლის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ეკონომიკურ აგენტს (მყიდველს)კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა და განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა ეთხოვა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განხორცილებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა. კონცენტრაცია ეხება გათბობისა და წყალგაყვანილობის პროდუქტების ბაზარს.
„კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის N39 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მოსაზრებები კონცენტრაციასთან დაკავშირებით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 ნოემბრისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე [email protected] ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, 2020 წლის 4 ნოემბრიდან - დღემდე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა 16 552 კონცენტრაცია. აღნიშნულ პერიოდში, წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობებს შორის დაგეგმილ კონცენტრაციაზე სააგენტომ გასცა ნებართვა.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით განისაზღვრება. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასური 5000 ლარია.




























