მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯეოლაბის" დამფუძნებელი სტარტაპერების 3 გამოწვევას ასახელებს და მთავრობის გეგმას აფასებს

5c52fdf188d49
მარიამ ადამია
31.01.19 21:50
1963
“ჯეოლაბის” ერთ-ერთი დამფუძნებლის სანდრო ასათიანის შეფასებით, „საქართველო სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების თვალსაზრისით, სწორ გზას ადგას“.

ამის შესახებ სანდრო ასათიანმა bm.ge-ის მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კომენტირებისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, მთავრობა USAID-თან ერთად ინოვაციების შესახებ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებასაც განიხილავენ. ასევე არაა გამორიცხული, რომ სტარტაპებისთვის სპეციალური საგადასახადო შეღავათები დააწესონ. გარდა ამისა, მთავრობა აპირებს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ექსპერტები დაიქირაოს, რომელიც ქვეყანას დარგში ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

„ჯეოლაბის“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მთავრობას სწორი გეზი აქვს აღებული.

„თუკი ადრე ქვეყნის განვითარების გზაზე სხვა ფაქტორებს ექცეოდა ყურადღება, დღეს უკვე პრიორიტეტები გადანაწილდა და ყურადღება ინოვაციებზე, ადამიანებზე და მათ ინტელექტზე მახვილდება, ამიტომაც მთავრობას სწორი გეზი აქვს აღებული ამ მიმართულებით“, - განაცხადა დეველოპერმა და აღნიშნა, რომ საქართველოში სტარტ-აპების დახმარება აუცილებელია.

„დღეს სტარტაპერების წინაშე სამი მთავარი პრობლემა და გამოწვევაა. პირველი, ეს არის გამოცდილების ნაკლებობა - ქვეყანაში არ არის განვითარებული სტარტაპ-ეკოსისტემა, ბაზარი არის პატარა და განვითარების საშუალებაც შესაბამისად მცირეა, ამიტომაც სტარტაპერები ცდილობენ, გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე: აშშ-ში, ევროპაში და მიიღონ მეტი გამოცდილება, რადგან ყველაფერს ახალს მასშტაბირება სჭირდება; რიგით მეორე გამოწვევას ცოდნის ნაკლებობა წარმოადგენ; საქართველოში ამ დარგში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მთავრობის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტების დაქირავება იგეგმება და რაც უფრო მეტი ექსპერტი, მენტორი და გამოცდილი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან, მით უფრო მეტად განვითარდება დარგიც და ქვეყანაც. რიგით მესამე გამოწვევა კი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა“, - განაცხადა სანდრო ასათიანმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მთავრობის მხრინდა მსგავსი ინიციატივები წინა წლებშიც იყო და რამდენიმე ექსპერტიც ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ ინოვაციების სფეროში მნიშვნელოვანი ფინანსები არასდროს დახარჯულა და შესაბამისად, ქვეყანამ ვერც სასურველი შედეგი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები