ზეთისხილის ბიზნესის მზარდი განვითარების ფონზე, 12 წლის თავზე, კომპანია "ჯეოლაივის" წარმომადგენლებმა, გასული 2023 წლის გაზაფხულზე, კახეთში, კერძოდ სოფელ საქობოში, 30 000 კვ.მ-ზე ზეთის ხილის პირველი სანერგე მეურნეობა მოაწყვეს.
როგორც კომპანიის პარტნიორი და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) საპატიო პრეზიდენტი, გიორგი სვანიძე BM.GE-სთან აცხადებს, ეს არის ერთ-ერთი პირველი ზეთის ხილის სანერგე, რომელიც თურქ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, სანერგეში ნახევარ მილიონამდე ნერგის წარმოება ხდება, თუმცა წლის განმავლობაში სანერგეში წარმოებული ნერგების რაოდენობის მილიონამდე ზრდა იგეგმება.
“სანერგეში ამჟამად ნახევარ მილიონამდე ნერგის წარმოება ხდება. აქამდე რაც შემოდიოდა ზეთის ხილი, თითქმის სრულად იმპორტირებული იყო. თუმცა ჩვენ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლეთ.
ჩვენთვის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ადგილობრივი ბაზარია, თუმცა გვაქვს ექსპორტი ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და მცირე რაოდენობით სომხეთთანაც. წარმოების შემდგომ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ ნერგების წარმოების რაოდენობაც და საექსპორტო ბაზრების მასშტაბებიც გავზარდოთ”,- აცხადებს სვანიძე.
სანერგეში, კომპანიამ პარტნიორებთან ერთად, 3 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო. მათ შორის, სახელმწიფო თანადაფინანსების ფარგლებში, როგორიცაა პროგრამა „დანერგე მომავალი“ 250,000 ლარით, ხოლო 650,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
კომპანიის პარტნიორის თქმით, სანერგეში, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია ფუნქციონირებს, უკვე 7 დასახელების ზეთისხილის ნერგი იწარმოება. როგორც ქართული, ასევე უცხოური ჯიშები.
მეურნეობაში ჯამში დაახლოებით 1000 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ძირითადი ნაწილი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობაა.
კომპანიაში გვეუბნებიან, რომ მათი მიზანი, რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობის მიცემა იყო.