მზა, დაკონსერვებული სადილის მწარმოებელი კომპანია „ჯეონატურალსი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 2016 წელს ამოქმედდა და 12-მდე დასახელების "სადილს“ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. რამდენიმე კვირის წინ კი კომპანიამ კანადაში ექსპორტზე სოკოს რამდენიმე დასახელების დაკონსერვებული „სადილი“ გაიტანა, სადაც 400-გრამიანი კონსერვების ღირებულება 4 ევრომდეა.
„კანადაში რამდენიმე კვირის წინ 15 000 ქილა სოკოს კონსერვი გავუშვით და დღეს ჩვენი ინფორმაციით, საექსპორტო ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, უახლოეს მომავალში კანადური კომპანიებიდან ახალ, გაზრდილ შეკვეთებს ველით. საექსპორტო ბაზრებზე გასვლით ვფიქრობთ, კომპანია უფრო მეტად განვითარდება, ამასთან ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაც მოხდება“, - უთხრა BM.GE-ის „ჯეონატურალსის“ წარმომადგენელმა და სადისტრიბუციო კომპანია "სადილის" გაყიდვების დირექტორმა გიორგი ყაჭიურმა.
მისი ინფორმაციით, კომპანია უახლოეს მომავალში საწარმოს განვითარებისთვის დამატებითი რესურსის მობილიზებას გეგმავს, კონკრეტულ ინვესტიციასა და დროზე ვერ საუბრობს, თუმცა „ჯეონატურალსის“ გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ საწარმო სიმძლავრეების გაორმაგებით ისინი „სადილის“ გატანას ახალ ბაზრებზე შეძლებენ.
„გვინდა, რომ მთლიანი წარმადობის 30% ექსპორტზე მივმართოთ. შესაბამისად, წარმოების გაფართოებასთან ერთად, კანადის ბაზრის შემდეგ საექსპორტო არეალის გაფართოება და პროდუქტის რეალიზაცია რეგიონის ქვეყნებშიც გვინდა. ამ ეტაპისთვის მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა გიორგი ყაჭიურმა.
ცნობისთვის: 2016 წლიდან დღემდე „ჯეონატურალსმა“ დედოფლისწყაროში საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებაში 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანია დღიურად 15 000 ქილა მზა საკვებს კონსერვის სახით აწარმოებს და 45 ადამიანს ასაქმებს. ხოლო სადისტრიბუციო კომპანია „სადილი“, რომელიც კონსერვებით მთელ საქათველოს ამარაგებს, 22 სამუშაო ადგილს ქმნის. აღსანიშნია, რომ „სადილის“ პროდუქტებით ქართული ჯარიც მარაგდება.