მოლოდინები, რომ საქარველოში 4G მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის დანერგვით მობილური კომუნიკაციების ბაზარზე წილების ხელახალი გადანაწილება მოხდებოდა, არ გამართლდა. ბაზაზრე სიტუაცია არ შეცვლილა.
მობილური ინტერნეტის ყველაზე მეტი მომხმარებელი კვლავ „ჯეოსელს“ ჰყავს, მეორე ადგილზეა „მაგთიკომი“, მესამე ადგილს კი კვლავ „ბილაინი“ იკავებს. შედეგად, ბაზარზე აბონენტების გადანაწილება იგივე რჩება.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი თვიდან თვემდე მატულობს, თუმცა, ძირითადი მასა მაინც „ჯეოსელსა“ და „მაგთიკომს“ ირჩევს. შედეგად, ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანიების აბონენტების რიცხვი ამ მიმართულებით მკვეთრად მზარდია, „ბილაინის“ აბონენტთა რაოდენობა კი მცირედით იზრდება:
მაგალითად, მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, „ჯეოსელს“ 826 ათასი აბონენტი ჰყავს, "მაგთიკომის“ 761 ათასი, ხოლო "მობიტელს“(ბილაინს) – 337 ათასი.
2014 წლის იანვარის მონაცემებით კი, "ჯეოსელს“ მობილური ინტერნეტის 538 ათასი მომხმარებელი ჰყავდა, "მაგთიკომს“ – 419 ათასი, ხოლო "ბილაინს“ 241 ათასი.
4G მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოში 2015 წლიდან დაინერგა. კომპანია „ბილაინის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი აცხადებდა, რომ მას შემდეგ რაც სამივე ოპერატორს შორის, ინტერნეტის სიჩქარე გათანაბრდებოდა, ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდებოდა.
"როდესაც ინტერნეტის სიჩქარე სამივე ოპერატორს შორის გათანაბრდა, რა თქმა უნდა, ბაზრის წილის გადანაწილება დაიწყება. ველოდებით, რომ ჩვენ გაგვეზრდება ბაზრის წილი და შესაბამისად, სხვებს შეუმცირდებათ. ეს იქნება ახალი რეალობა", – აცხადებდა გიორგი ტყეშელაშვილი.

























