მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯეოტრანსგაზის" ბრალდებებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განმარტებებს აკეთებს

57626c719f190
დავით ჯალაღონია
16.06.16 13:03
2186
"ჯეოტრანსგაზის" ბრალდებებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განმარტებებს აკეთებს.
 
"ბიზნესკონტაქტი" გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გამოგზავნილ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 1 აპრილს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ღია სააქციო საზოგადოება "გაზპრომისგან“ მიიღო განაცხადი, 2016 წლის 2 აპრილიდან შპს "ჯეოტრანსგაზისთვის“ დღიურად 300 ათასი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, თუმცა რეჟიმის დაცვა შესაბამისი მოცულობის გაზის შემოსატანად საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა. მიმდინარე წლის 11 აპრილს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ღია სააქციო საზოგადოება "გაზპრომისგან" მიიღო განაცხადი, სადაც შპს "ჯეოტრანსგაზისთვის“ მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ოდენობა იყო განულებული. აპრილის თვეში არსებული რეჟიმებიდან გამომდინარე "ჯეოტრანსგაზისთვის“ საქართველოს ტეარიტორიაზე შემოტანილ იქნა 579829 კუბური მეტირს ოდენობის ბუნებრივი გაზი, რის თაობაზეც გაფორმდა კომერციული აქტი შპს "ჯეოტრანსგაზსა“ და მიმწოდებელ - შპს "გაზპრომ-ექსპორტს“ შორის. სწორედ ამის საფუძველზე მოხდა აღნიშნული მოცულობის დაფიქსირება შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა“ და შპს "ჯეოტრანსგაზს" შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში. აქტების დადასტურების მომენტში შპს "ჯეოტრანსგაზის“ მხრიდან არ დაფიქსირებულა შენიშვნა მოცულობის თაობაზე.

მიმდინარე წლის 1 მაისს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" ღია სააქციო საზოგადოება "გაზპრომისგან“ მიიღო განაცხადი, სადაც შპს „ჯეოტრანსგაზისთვის“ მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ოდენობა არ აღინიშნებოდა. მხოლოდ 27 მაისის განაცხადში იყო აღნიშნული, რომ 2016 წლის 28 მაისიდან შპს „ჯეოტრანსგაზისთვის“ მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის დღიური ოდენობა განსაზღვრული უნდა ყოფილიყო 250 000 კუბურ მეტრით.

აღსანიშნავია, რომ შპს გაზპრომ-ექსპორტი ბუნებრივი გაზის მიწოდებას ახორციელებს როგორც შპს "ჯეოტრანსგაზისთვის“, ისე საქართველოს გავლით სომხეთის რესპუბლიკისათვის. ჩვენ, როგორც ამ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განმახორციებელი კომპანია, გაზის მისაწოდებელ რაოდენობას ვათანხმებთ მიმწოდებელ კომპანიასთან, შპს "გაზპრომ ექსპორტთან“. ამ შემთხვევაშიც, თვის ბოლოს, შედარდა როგორც სომხეთის რესპუბლიკისათვის, ასევე შპს „ჯეოტრანსგაზისთვის“ მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობა, რომელმაც შეადგინა 657 258 კუბური მეტრი. აღნიშნულის შემდგომ გაფორმდა კომერციული აქტი შპს „ჯეოტრანსგაზსა" და მიმწოდებელ კომპანია შპს "გაზპრომ-ექსპორტს“ შორის (სადაც დაფიქსირდა იგივე ოდენობა), რის საფუძველზეც შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა“ და შპს "ჯეოტრანსგაზს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან პრობლემებზე "ჯეოტრანსგაზის“ დამფუძნებელმა ზურა ბარნაბიშვილმა "ბიზნესკონტაქტთან“ მიმდინარე წლის მაისში ისაუბრა, რადგან აპრილში "გაზპრომ–ექსპორტისგან“ მისაღები ბუნებრივი აირის მოცულობების შემოსავლების სამსახურისთვის დასადასტურებლად გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიღება–ჩაბარების აქტის გაცემა გააჭიანურა. როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში განმარტავენ, "ჯეოტრანსგაზთან“ მომსახურების გაწევის თაობაზე შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საჭიროა, ბუნებრივი აირის მოცულობა შედარდეს მიმწოდებელთან – "გაზპრომ–ექსპორტთან“, რისთვისაც მათ დრო დასჭირდათ. საბოლოოდ, აღნიშნული დოკუმენტი გაფორმდა, მაგრამ – არა ბუნებრივი აირის იმ მოცულობებზე, რაშიც როგორც „ჯეოტრანსგაზის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანიას "გაზპრომ–ექსპორტისთვის“ თანხა წინასწარ გადახდილი ჰქონდა.

"აპრილში 3 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად 500 000 შემოვიდა, მაისში 4 მილიონის ნაცვლად – 600 000, ივნისში კი 8 მილიონის ნაცვლად რა მოცულობას დაგვიდასტურებენ, არ ვიცით. ჩვენ ვიხდით თანხას ჩვენთვის საჭირო ბუნებრივი აირის მოცულობებში, რასაც ყოველ შეკვეთაზე „გაზპრომ–ექსპორტთან“ გაფორმებული დოკუმენტები ადასტურებს, ჩვენამდე კი შეძენილი გაზის დაახლოებით 10% შემოდის. ამ დანაკლისის ანაზღაურებასაც მოვითხოვთ და სხვა გზა არ გვრჩება გარდა იმისა, რომ წავიდეთ სასამართლოში", – განმარტა ბარნაბიშვილმა.

"ჯეოტრანსგაზმა“ გადაწყვიტა, რომ მომავალ კვირას გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ენერგეტიკის სამინისტროს (როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ზემდგომი ორგანო) წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები