შემოსავლების სამსახურის განმარტებით, "ჯეოტრანსგაზის“ ობიექტებზე დალუქული მრიცხველები ინვენტარიზაციის პროცესის დასრულებისთანავე გაიხსნება.
ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.
"მრიცხველების დალუქვა გაზგასამართი სადგურების ინვენტარიზაციისთვის მოხდა. ეს პროცესი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა ჩაატაროს. როგორც კი დასრულდება ინვენტარიზაციის პროცესი, მრიცხველებზე ლუქები აიხსნება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
რაც შეეხება ინვენტარიზაციის პროცესის დაწყების საფუძველს, როგორც შემოსავლების სამსახურის აპარატში განმარტეს, ამის გასარკვევად წერილობითი მიმართვაა საჭირო. "ბიზნესკონტაქტი“ წერილობით პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
როგორც "ჯეოტრანსგაზის“ დამფუძნებელი ზურა ბარნაბიშვილი განმარტავს, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში ინვენტარიზაციის პროცესის ვადად ერთი თვეა მითითებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, იმ 15 გაზგასამართ სადგურზე შევიდნენ, რომელთაც ბუნებრივი აირით აღნიშნული კომპანია ამარაგებდა და დაახლოებით, 23:00 საათზე ობიექტები დალუქეს. ამ 15 გაზგასამართი სადგურიდან, სამი ობიექტი უშუალოდ „ჯეოტრანსგაზს“ ეკუთვნის, დანარჩენს კი იმპორტიორი კომპანია კონტრაქტის საფუძველზე გაზით ამარაგებს.
ცნობისთვის, 2015 წლის 1 ივლისიდან „ჯეოტრანსგაზი“ საკუთარ სამ გაზგასამართ სადგურს და კონტრაქტორ კომერციულ დაწესებულებებს "გაზპრომ-ექსპორტის“ ბუნებრივი აირით ამარაგებს.
შემოსავლების სამსახურმა ბუნებრივი აირის იმპორტიორი კომპანია "ჯეოტრანსგაზის" ობიექტები დალუქა
შემოსავლების სამსახურმა ბუნებრივი აირის იმპორტიორი კომპანია "ჯეოტრანსგაზის" ობიექტები დალუქა

























