საქართველოს მზარდი დემოკრატიული უკუსვლა ძალიან შემაშფოთებელია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრანერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა.
ევროპარლამენტში საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომ გაუარესებაზე 21 იანვარს იმსჯელეს, სადაც მან პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის პოზიცია წარმოადგინა.
"50 დღეზე მეტია, ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო საპროტესტო აქციებს მართავენ, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის დემოკრატიული მომავლისთვის, ასევე მათი ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციისთვის. მათ უპასუხეს ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებით და დაპატიმრებებით",- განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ აამოქმედა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას.
„ძალადობა და სიძულვილის ენის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეთა სამსახურებიდან პოლიტიკურ მოტივით გათავისუფლებისა და ასევე, სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარები, სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნა მაგნუს ბრანერმა.
ბრანერის თქმით, ბევრი დემონსტრანტი კვლავ დაკავებული რჩება და მათ ემუქრებათ პოტენციური პატიმრობა. პარალელურად კი, დღემდე არცერთი სამართალდამცველის წინააღმდეგ ბრალი არ წარუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და არსებობს დაკავებული მომიტინგეების წამების სერიოზული ბრალდებებიც. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის.
"ევროკავშირი კვლავაც სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწრაფი ნაბიჯები გადადგას დაძაბულობის დეესკალაციისთვის. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული და ამ უკანონო ქმედებებში ჩართულმა სამართალდამცველებმა პასუხი აგონ“, – განაცხადა ბრანერმა და ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, გაატაროს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საბოლოო დასკვნაში წარმოდგენილი რეკომენდაციები და შეისწავლონ გზები, რომ აღდგეს ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი, რაც უნდა მოხდეს ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქოს სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგით. ეს, მისივე თქმით, მოიცავს ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ქართული საზოგადოების მოწოდების გათვალისწინების შესაძლებლობის განხილვას.
მან ისაუბრა ევროკავშირის მიერ გასულ წელს მიღებულ ზომებზე, რაც პასუხობდა საქართველო ხელისუფლების განგრძობად დემოკრატიულ დაღმასვლას და მოიცავდა პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას და მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას. ევროკომისარმა გაიხსენა, რომ შეჩერდა 30 მლნ ევრო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან და 121 მლნ ევროზე მეტი მთავრობისთვის პირდაპირი დახმარების სახით. პარალელურად, კი ხდება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
"კვლავაც ვდგავართ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის გვერდით, 8.5 მილიონი ევრო უკვე გადავამისამართეთ მათი მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, დამატებითი ფინანსები გადავამისამართოთ საკომუნიკაციო აქტივობებისკენ, დეზინფორმაციის საპასუხოდ",- განაცხადა მაგნუს ბრანერმა.
მან აღნიშნა, რომ 2024 წლის დეკემბერში ევროპელმა ლიდერებმა გაიმეორეს სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსისადმი და მათი გადაწყვეტილებისადმი, შეაჩერონ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ევროპულმა საბჭომ გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლიდა კურსს, თუმცა სამწუხაროდ, ხელისუფლებამ კურსი არ შეცვალა, რის შემდეგაც, დეკემბერში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, მხარი დაუჭირეს საქართველო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებას. ევროკომისარი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების დამტკიცება მკაფიო პოლიტიკური გზავნილი იქნება.
"კომისიამ სწრაფად მოამზადა შესაბამისი წინადადება [დიპლომატიურ პასპორტებზე] და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული იანვრის ბოლომდე. ეს გადაწყვეტილება იქნება მკაფიო პოლიტიკური გზავნილი, რომ ხელისუფლებას პასუხს ვაგებინებთ.
გასულ წელს საგარეო საქმეთა საბჭომ ასევე გამართა პირველი დისკუსია სანქციების დაწესებაზე დაკავშირებით იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მომდევნო სხდომაზე, 27 იანვარს გაგრძელდება დისკუსიები საქართველოს შესახებ. ჩვენ ასევე თვალყურს ვადევნებთ ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიებს და ვხედავთ, რომ რეზოლუციები იყო მიღებული ხმათა დიდი უმრავლესობით. ღია ვრჩებით, განვიხილოთ შემდგომი ზომები საქართველოში განვითარებების შესაბამისად“, – განაცხადა მაგნუს ბრანერმა.
სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტარებიც. მათმა ნაწილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მთავრობის არალეგიტიმურობაზე, ძალადობის ფაქტებზე და პერსონალური სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება:
„ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობა კვლავ მძაფრდება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია სასტიკად სცემეს, თავს დაესხნენ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომელიც ორ-თვიან პატიმრობაშია. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პერსონალური სანქციების დაწესებით პასუხისმგებელი პირებისთვის, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილისთვის. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები",- განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ.
"ჯერ კიდევ არის დრო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კოშმარი დაასრულოს. ევროპისა და თავისუფლების კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ“, - თქვა ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა.
ევროპარლამენტარებს შორის აღმოჩნდნენ "ქართული ოცნების" პოზიციის დამცველებიც:
"ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს. მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა. ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა, რომელიც პრო-რუსული განწყობებითაა ცნობილი.