“ჯეუ ჰოლდინგმა” კომპანია „კასთან“ ოფიციალური პარტნიორობა გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ჯეუ ჰოლდინგი” პირველი ივლისიდან საქართველოში ჩეხური კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი იქნება.
კომპანია “კასი” ქართულ ბაზარზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო პროდუქციით წარდგება.
როგორც “ჯეუ ჰოლდინგის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, კომპანია “კასთან” პარტნიორობით საქართველოში ევროპული სტანდარტის დანერგვას გააგრძელებენ.
“დავიწყეთ კომპანიის მოძიება, ვისთანაც პარტნიორობით შევძლებდით მაღალი ხარისხის და ევროპული სტანდარტის ჩვენს ქვეყანაში დანერგვას, რამდენიმე კომპანიასთან შეხვედრის შედეგად ჩეხურ კომპანია - “კასზე” ჩამოვყალიბდით, რომელთანაც უკვე ოფიციალური პარტნიორობა გავაფორმეთ.
პირველი ივლისიდან კი საქართველოში მათი წარმომადგენლები ვიქნებით და თუჯის პროდუქციაზე, რომელიც მოიცავს არამარტო ჭებს, არამედ გვერდმიმღებებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სხვადასხვა პროდუქციას - ამ ევროპული სტანდარტით წარვდგებით საქართველოს ბაზარზე” - აღნიშნავს გიორგი თავართქილაძე.
“ჯეუ ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო კიკაბიძის შეფასებით, “კასთან” თანამშრომლობით, კომპანიას შესაძლებლობა ექნება, ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული პროდუქცია დანერგონ და ასე გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული პროდუქცია შემოვიტანოთ, რომელიც გააუმჯობესებს ხარისხს, ამასთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების პროცესში დაზოგავს დროს. “კასთან” თანამშრომლობით, იმ სიახლეებს, რომელიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე, ჩვენს მომხმარებელსა და დამკვეთებს გავაცნობთ” - განმარტავს ნინო კიკაბიძე.
ინფორმაციისთვის: “კასი” 1992 წელს დაარსდა. ის ბეტონის კომპონენტების წარმოების ტექნოლოგიის სფეროში საინჟინრო კომპანიაა. კასი საკანალიზაციო სისტემების ერთ-ერთი თანამედროვე ევროპელი მწარმოებელია. “ჯეუ ჰოლდინგთან” თანამშრომლობით კი “კასის” პროდუქცია უკვე საქართველოშიც, ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება "ჯეუ ჰოლდინგს", კომპანიის პროფილს სამოქალაქო მშენებლობის მრავალი მიმართულება, კერძოდ კი ნაპირსამაგრი, საგზაო, გვირაბების, ხიდების მშენებლობა, საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება, და წყალსადენი თუ სანიაღვრე სისტემების მოწყობა წარმოადგენს.