„საქართველოს ბანკისა“ და Lion Finance Group-ის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე „საქმიან დილასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯგუფის საერთაშორისო გაფართოების დინამიკასა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრობს. მისი შეფასებით, ჰოლდინგის პორტფელში ყველაზე სწრაფად მზარდ აქტივად ამჟამად Ameriabank-ი გამოირჩევა.
გაჩეჩილაძის თქმით, მაშინ როცა საქართველოში ბანკის ზრდა 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს, სომხეთში Ameriabank-ი წლიურად 25-30%-იან ზრდას აფიქსირებს, რაც ბაზრის წილის სწრაფი გაფართოებითაა განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკმა“ Ameriabank-ი 2024 წელს შეიძინა - გარიგების მოცულობამ 303.6 მილიონი დოლარი შეადგინა. დღეს კი Ameriabank-ი უკვე Lion Finance Group-ის აქტივების დაახლოებით 27%-ს წარმოადგენს, რაც ჯგუფის რეგიონული დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი შედეგია.
არჩილ გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ Ameriabank-ის ინტეგრაციამ ჯგუფისთვის გარდამტეხი როლი შეასრულა. მისი თქმით, ბანკი სომხეთის ფინანსურ სექტორში არა მხოლოდ ლიდერის პოზიციას იკავებს, არამედ აღიარებულია, როგორც გამჭვირვალობისა და მაღალი კორპორაციული სტანდარტების მქონე ინსტიტუტი.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპობრივი გარდატეხა მოხდა ორი წლის წინ, როცა ჩვენ შევიძინეთ სომხეთში ნომერი პირველი ბანკი, „ამერიაბანკი“, რომელიც არის ნამდვილად გამორჩეული ბრენდი სომხეთის ეკონომიკაში, არა მარტო საბანკო სფეროში, საერთოდ, ცნობილია როგორც გამჭვირვალობის და ხარისხის სტანდარტი კორპორაციულ სამყაროში. ამავე დროს, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი და სწრაფი ზრდა ჰქონდა „ამერიაბანკს“. დღეს უკვე თითქმის 30%-ს წარმოადგენს აქტივებში სომხეთის ნაწილი ჩვენს ჰოლდინგში. წარმოიდგინეთ, ორი წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმისთვის, რომ მიგვეღწია ამ მასშტაბისთვის და ამ დროთა განმავლობაში ინვესტორებმა ნელ-ნელა დაინახეს და დაგვაფასეს, რომ ის რასაც ვაკეთებთ კარგად ვაკეთებთ და შესაბამისად FTSE 100-ის ინდექქსში შესვლა არის უკვე ასახვა არის იმ მიღწევების, რაც რეალურად წლების განმავლობაში მოხდა.
ჩვენთან თუ არის ზრდა სადღაც 10-დან 15 პროცენტამდე, სომხეთში არის 25-დან 30-მდე. დიდი ზრდა არის, ვინაიდან იქ საბაზრო წილის ზრდა გაცილებით სწრაფად მიდის და ნამდვილად ნომერ პირველი ვართ სესხების კუთხით და აქტივების კუთხით. შესაბამისად, ძალიან საინტერესო განვითარება ხდება. და ეს არის იგივე გუნდი, რომელმაც თავის დროზე შექმნა და დააფუძნა ეს კომპანია და 15 წლის წინ შემდეგ მიაღწია ლიდერის პოზიციებს. ჩვენ შევძელით, რომ მათი მოტივირება გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ დარჩენილიყვნენ ჩვენს გუნდში. შემოუერთდნენ ჩვენ ჰოლდინგს და მე მიმაჩნია, რომ უნივერსალური საბანკო მომსახურება ნამდვილად ადგილობრივი ბიზნესია, ანუ ადგილობრივ მენეჯერებს ბევრად, განსაკუთრებით კომერციულ მხარეს, აი ფრონტის მხარეს რასაც ჰქვია, ბევრად უკეთესად ესმით მომხმარებლის. ვინაიდან მე გამიჭირდება, რომ სიტყვაზე სამხრეთ აფრიკაში ჩავიდე და გავხდე საუკეთესო ბანკირი, ბევრი წელი დამჭირდება იმისთვის, რომ კარგი შეგრძნებები განვითარდეს თუნდაც კორპორაციულ ბიზნესში საიდანაც მე მოვდივარ.
ანალოგიური შეიძლება ითქვას ნებისმიერ ქვეყანაში. და მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან ბევრი მსგავსებაა კულტურული, მაინც ასე ვთქვათ ადგილობრივ მენეჯმენტს ბევრად უკეთესი შეგრძნებები აქვს და შესაბამისად ჩვენ რომ შევძელით რომ შეგვენარჩუნებინა ეს ხალხი და სწორი მოტივაცია მიგვეცა. ძალიან ანთებულები არიან და ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ დიდი წვლილი შეიტანონ საერთო გამარჯვებაში და შედეგებმაც არ დააყოვნა",- აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.
მისი თქმით, Lion Finance Group-ი აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნების ბაზრის ძიებას, საუბარია ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, სადაც Lion Finance Group-ი განიხილავს უნივერსალური საბანკო ინსტიტუტის შეძენას, რომელსაც წამყვანი საბაზრო პოზიციები ექნება.




























