ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩენილმა სტარტაპ კომპანიამ ყურადღება საკუთარი სახელით, „ჯიგრებით“ მიიპყრო და არაორდინალური სტარტაპის რეპუტაციაც უკვე მოიპოვა.
სტარტაპი მხატვრებსა და დამკვეთებს ერთმანეთთან აკავშირებს და მომხმარებლებს სრულ მომსახურებას სთავაზობს, რაც მათ დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ბაძაღუა BM.GE-თან „ჯიგრების“ ისტორიას ყვება და ამბობს, რომ ბაზარზე არსებული ერთი და იგივე სახელები მოსაწყენია და „ჯიგრები“ გაცილებით უკეთ გადმოსცემს მის შინაარსს და პათოსს.
„ბაზარზე სულ გვხვდება ისეთი სახელები, როგორიცაა „Art სტუდიო“, “Art დიზაინი“, სულ ინგლისური სიტყვებითაა გადმოცემული კომპანიის სახელები და „ჯიგრული“ არაფერი არ არის. ამიტომ მე და ჩემი პარტნიორიც რაიმე ჯიგრულზე ვფიქრობდით და დავტოვეთ კიდეც ეს სახელი - „ჯიგრები“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, კომპანია ბაზარზე სულ 3 თვეა რაც ოპერირებს, თუმცა გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია და ნელ-ნელა მომხმარებლების რაოდენობაც იმატებს.
„სულ 3 თვეა რაც ბაზარზე ვართ. თავიდან სამხატვრო სტუდიის გაკეთება გვსურდა, თუმცა პირადად მე არ ვხატავ, ამიტომ საბოლოოდ, ისეთი პლატფორმა მივიღეთ, რომელიც დამკვეთებსა და ხელოვან ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან. გვაქვს სხვადასხვა სერვისი: კედლის მხატვრობა, 3D ნახატი კედელზე, ასევე ტილოზე და შუშაზე", - განაცხადა მან.
„ჯიგრების“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მხატვრებს როგორც წესი, პრომოუშენის და PR-ის დრო და შესაძლებლობა არ აქვთ, შესაბამისად, მათი საქმიანობა დარგის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მოთხოვნადი და გამოსადეგია.
„ადამიანები ცალკე პრომოუშენს და ცალკე ხატვას ერთად ვერ ასწრებენ, ამაში ჩვენ ჯიგრულად ვეხმარებით და ეს ამართლებს კიდეც. მათ სტრესი მოხსნილი აქვთ - პიარს, ბუღალტერიას, ყველაფერს ჩვენ ვუკეთებთ და თვითონ უბრალოდ საქმის კეთებაღა რჩებათ. კომპანიის სახელიდან გამომდინარე, გამოხმაურება თავიდანვე საკმაოდ დიდი იყო, გვწერდნენ კიდევაც და გვეუბნებოდნენ, რომ მოsწონდათ იდეა", - განმარტა მან.
რაც შეეხება საკომუნიკაციო წყაროებს, მათი თქმით, ყველაზე ეფექტური Facebook და Instagram-ია, ამიტომ მომხმარებლებთან მხოლოდ ამ ორი სოციალური ქსელით აქვთ კონტაქტი.
„როცა ვფიქრობდით, მივხვდით, რომ ყველაზე აქტიური მაინც Facebook და Instagram-ია. აპლიკაციის პრომოუშენს ძალიან დიდი დრო სჭირდება, Facebook კი, უკვე ყველას აქვს", - აღნიშნავს ბაძაღუა.
როგორც „ჯიგრები“ ამბობენ, მომავალში Youtube-არხსაც გახსნიან, სადაც თავიანთი ნამუშევრების შესახებ ვიდეოებს განათავსებენ.
ნიკა ბაძაღუა ამბობს, რომ მალე „ჯიგრები“ ბათუმშიც გადაინაცვლებს და საკუთარ მომსახურებას ადგილობრივ ბიზნესებსაც შესთავაზებს.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, „ჯიგრები“ დიდი ალბათობით, რამდენიმე წელიწადში კავკასიის რეგიონის ტურისტულ ქალაქებსაც მოიცავს.


























