მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯინსი მოდიდან გადადის", - Lee-ის და Wrangler-ის მფლობელი სტრატეგიული გადაწყობისთვის ემზადება

5b719e913f761
ელენე კვანჭილაშვილი
13.08.18 19:04
2297
„ჯინსი მოდიდან გადადის. დღეს ამერიკაში და დანარჩენ მსოფლიოშიც უფრო მაღალი მოთხოვნა იოგას სავარჯიშო შარვლებსა და სხვა პრემიუმ სპორტულ ბრენდებზეა“, - ასეთ დასკვნამდე მიდის ჯინსის ცნობილი ბრენდების - Lee-ისა და Wrangler-ის მფლობელი VF კორპორაცია.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიის სტატისტიკა ამ ახალ ტრენდზე ნათლად მიუთითებს.

2017 წელს 2016-თან შედარებით, VF-ის ჯინსების გაყიდვები 3%-ით, მოგება კი - 14%-ით შემცირდა.

ჯამში, კომპანიამ 2017 წელს ჯინსის გაყიდვებით მხოლოდ 422 მილიონი ამერიკული დოლარის მოგება ნახა, რაც ბოლო წლებთან შედარებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და კომპანიისთვის იმის სიგნალი ხდება, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს.

„ცვლილების გეგმაც მზად არის“, - წერს გავლენიანი გამოცემა.

VF კორპორაცია აცხადებს, რომ აქცენტს სხვა ბრენდებზე გააკეთებს, რომელთა სიმცირესაც ნამდვილად არ უჩივის - მაგალითად: North Face-ი, JanSport-ი და Eagle Creek-ი.
VF-ის შეფასებით, რომელიც ასევე ფლობს Vans-ის, Timberland-ისა და Dickies-ის ბრენდებს, ამ გადაწყობის შედეგად, კორპორაციამ ყოველწლიურად საშუალოდ 11 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი უნდა ნახოს.

სტრატეგიული გადაწყობა მარტივი არ იქნება. ამ მიზნით, კორპორაცია აპირებს, ცენტრალური ოფისი გრინსბოროდან დენვერში გადაიტანოს, ხოლო ახალი კომპანია, რომელიც ძირითადად არა-ჯინსის მიმართულებას გააძლიერებს, გრინსბოროში დარჩება, რასაც მთელი რიგი საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება.

ახალი კომპანიის გენერალურ დირექტორად VF ჯგუფის ამერიკის დასავლეთ რეგიონის პრეზიდენტი სკოტ ბაქსტერი განიხილება.

სტარტეგიული გამიჯვნა 2019 წლის პირველ ნახევრამდე უნდა დასრულდეს.

Wall Street Journal უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად აშუქებს VF კორპორაციაში მიმდინარე ცვლილებებს, რაც, ფაქტია, დადებითად მუშაობს ინვესტორებზე.

პარასკევის ვაჭრობა VF-ის აქციებმა უმაღლეს ნიშნულზე - თითქმის 97 ამერიკულ დოლარზე დახურეს - მას შემდეგ, რაც Wall Street Journal-მა კორპორაციის გეგმების შესახებ პირველი ინფორმაცია დაბეჭდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები