“სადაზღვევო სისტემაში მხოლოდ ფასებზე საუბარი არ არის სწორი”, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ავტომობილების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით ახალ კანონს გარკვეული ხარვეზები აქვს.
როგორც ლომაძე აცხადებს, ამ მიმართულებით მხოლოდ ფასების გაზრდასთან დაკავშირებით საუბარი არ იქნება სწორი, რადგან ეს მიმართულება ერთიან მიდგომას საჭიროებს, რომელიც სწორი კანონმდებლობის შექმნას გულისხმობს.
“სადაზღვევო ინდუსტრიას გვაქვს გარკვეული შენიშვნები აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან, ასევე პარლამენტთანაც და იმედი გვაქვს, რომ კონსესუსი იქნება მიღწეული. მხოლოდ ფასებზე რომ ვილაპარაკოთ, არ იქნება სწორი. ჩვენი ინდუსტრია ფასებზე არ ლაპარაკობს. ლაპარაკობს კომპლექსურად სწორი კანონმდებლობის და სწორი სადაზღევევო სისტემის შექმნაზე“, - აცხადებს ლომაძე.
თავის მხრივ, აღნიშნული კანონის საჭიროებაში დარწმუნებულია სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი უფროსი დავით ონოფრიშვილი.
“კანონი, რომელიც ახლა პარლამენტში არის შესული და ავტომობილის მფლობელის სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევას გულისხმობს, მსგავსი კანონი თითქმის ყველა ქვეყანაშია და ჩვენთან არ არის. ამ კანონის მიღებით ჩვენ საკმაოდ დავეწევით სხვა ქვეყნებს“, - ამბობს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი.

























