მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბაზრის საშუალო ნიშნულზე მაღალი ზრდის ტემპის დაფიქსირება შეძლო - კოკა მანჯგალაძე

კოკა მაჯგალაძე

მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, სადაზღვევო ბაზარი სტაბილური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ არასიცოცხლის დაზღვევის (NLI) ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე კოკა მანჯგალაძე BMG-სთან ამბობს, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემები პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის წლის დასრულებასთან დაკავშირებით: „შემიძლია ვთქვათ, რომ ბაზრის სამი კვარტალის მონაცემებით არასიცოცხლის დაზღვევის (NLI) ბაზარი დაახლოებით 14%-ით გაიზარდა. ვვარაუდობთ, რომ წლიურადაც, დაახლოებით 14% იქნება სადაზღვევო ბაზრის ზრდა“.

მისი თქმით, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ შეძლო ბაზრის საშუალო ნიშნულზე უფრო მაღალი ზრდის ტემპის დაფიქსირება, რაც განსაკუთრებით, თვალსაჩინოა ავტომობილების და კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტებში.

ამასთან, სადაზღვევო ინდუსტრიაში კონკურენცია პროდუქტების ციფრულ ტრანსფორმაციასა და მომსახურების დამატებით სერვისებზე გადავიდა. კოკა მანჯგალაძის განცხადებით, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმატების ფორმულა სწორედ ახალი ეკოსისტემების შექმნა გახდა, რაც მომხმარებელს დაზღვევის მიღმა მეტ კომფორტს სთავაზობს. კომპანიამ ავტომფლობელებისთვის შექმნა გარემო, სადაც დაზღვევა მხოლოდ ზარალის ანაზღაურება აღარ არის:

„ავტომობილებში შევქმენით ეკოსისტემა, რომელიც ავტომობილების მფლობელებს აძლევს საშუალებას მხოლოდ დაზღვევით არ ისარგებლონ და არასადაზღვევო შემთხვევებშიც კი, ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ ჩვენი მომსახურება - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კომპანია „ვუვლის“.

ხოლო, რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, გასული წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ შევქმენით ისეთი ეკოსისტემა, რომელიც დაზღვეულს აძლევს საშუალებას მიიღოს მომსახურება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. მათ შეუძლიათ აბსოლუტურად უფასოდ მიიღონ კონსულტაცია ნებისმიერ ექიმთან, ნებისმიერ წამყვან სპეციალისტთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს არის მხოლოდ ჩვენი ინიციატივა და ინოვაცია, უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი დაზღვეულებისთვის შევქმენით“ - ამბობს კოკა მანჯგალაძე

მისივე თქმით, GPI-ის შემთხვევაში, 2025 წელს, ზრდა მოდიოდა როგორც სამედიცინო მიმართულებაზე, ასევე, საცალო ავტომობილების ბაზარზე. თუმცა, ზოგადად, წინა წლებთან შედარებით ეს ზრდის ტემპი შენელებულია.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდით ზრდის ტემპი იყოს კიდევ უფრო სწრაფი და მაღალი, რასაც მნიშვნელოვანწილად, განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯები. მაგალითად, მესამე მხარის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა მნიშვნელოვანი აქსელერატორი იქნება ზოგადად ბაზრის განვითარებისთვის და სწრაფი ზრდისთვის. მსგავსი ტიპის რეფორმები მისცემს სადაზღვევო ინდუსტრიას შესაძლებლობას ძალიან სწრაფად გაიზარდოს. ამ დაზღვევის შემოტანის შემთხვევაში, ერთი მხრივ, ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება და მეორე მხრივ, ძალიან ბევრ ადამიანს აარიდებს ხარჯებს თავიდან, ისევე, როგორც სახელმწიფოს“ - ამბობს კოკა მანჯგალაძე BMG-სთან.

დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 9 თვის მონაცემებით, მათ მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 098 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი შეადგინა. ყოველწლიურად იზრდება სადაზღვევო სექტორის წილი მშპ-ში. 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1.37%-ს მიაღწია.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შეფასებით, სადაზღვევო სექტორი 2025 წელს დაახლოებით, 12-13%-ის ფარგლებში გაიზრდება. მოზიდული პრემია კი, სავარაუდოდ, 1.5 მილიარდ ლარს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები