"ჩვენ არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია, დღეს მედიით გავიგე, რომ ასეთი ცვლილება მოხდა და ასეთი ბრძანება გამოვიდა", - ამის შესახებ "ჯითი ჯგუფის" ხელმძღვანელმა ლევან გოგსაძემ bm.ge-ის ე.წ "ოქროს სიაში" მყოფი კომპანიებისთვის გათვალისწინებული იმპორტის გადასახდელის დაფარვის ვადებთან დაკავშირებით შეღავათის გაუქმების ფაქტის შეფასებისას განუცხადა. საუბარია იმპორტის გადასახდელების 30-დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირებაზე.
როგორც გოგსაძე განმარტავს, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მოხდა ეს ცვლილება და რას ემსახურება.
"საბოლოო ჯამში, ეს იქით მიდის, რომ სახელმწიფომ თანხა ბიზნესიდან ამოიღოს, რაც აუცილებლად უარყოფითად აისახება ზოგადად ბიზნესზე. "ოქროს სიის" წევრი არ არის ერთი და ორი კომპანია, აქ ბევრი კომპანიაა და ისინი საკმაოდ მსხვილი იმპორტიორები არიან.
ეს სტატუსი ამ კომპანიებს მიენიჭათ არა მარტო იმიტომ, რომ მსხვილი იმპორტიორები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ეს კომპანიები ბიუჯეტში კეთილსინდისიერი გადამხდელები არიან. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ასეთი განკარგულების გამოცემა კონფიდენციალურ სიტუაციაში მოხდა. დღეს როგორც ვხედავთ, ბიზნესი საერთოდ საქმის კურსში არ არის, რა ხდება, რატომ მოხდა, როგორ მოხდა... შემოსავლების სამსახურს რომ დავუკავშირდით და განმარტებები ვთხოვეთ, სამწუხაროდ გამართული პასუხი ვერ გაგვცეს იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს მათთვისაც სიურპრიზი იყო", - აღნიშნა გოგსაძემ.
"ჯითი ჯგუფის" ხელმძღვანელის თქმითვე, თუნდაც ის, რომ ფინანსთა სამინსიტროს ახალი გადაწყვეტილება არ გაუქმდეს და გადავადდეს, რა თქმა უნდა, შეღავათი იქნება.
"როდესაც ასეთი ცვლილება ხდება, ამის შესახებ ინფორმაცია უნდა არსებობდეს, რომ ამისთვის კომპანიები მოემზადონ. ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ახალ რეგულაციაზე ერთი თვის ვადაში გადაეწყოს. მას შეიძლება ბანკიდან ან სხვა წყაროებიდან ფულადი რესურსის მოზიდვა დასჭირდეს, რაც საკმაოდ რთულია ერთ თვეში დალაგდეს", - განმარტა გოგსაძემ.

























