კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები დაიწყო, პროექტი მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.
სამუშაოების ფარგლებში 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდება. განახლებულ ქსელზე მოეწყობა 87 საკვანძო ჭა და 15 თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტი. პროექტი ხორციელდება Aqualia-ს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ მდგრადობას.
“რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, აღსანიშნავია რომ სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება. პროცესის მიმდინარეობისას არსებული ქსელი ექსპლუატაციაში რჩება, რაც უზრუნველყოფს წყალმომარაგების უწყვეტობას. ახალი სისტემის სრულად მოწყობის შემდეგ კი ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა” - გიგა ნადირაძე, gwp-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.
აღნიშნულ პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 12.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.




























