მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი მეწარმე სუბიექტის მიერ ხორციელდება პროდუქციის მიწოდება/მომსახურების გაწევა მეორე სუბიექტისათვის, ეს უკანასკნელი კი უსაფუძვლოდ აჭიანურებს, ან სულაც უარს აცხადებს შეთანხმებული თანხის გადახდაზე.
აღნიშნული შემთხვევა საკუთარ მნიშვნელობაში დებიტორული დავალიანების წარმოშობას გულისხმობს და მისი გადახდევინების უზრუნველყოფა ხშირად კრედიტორი მეწარმე სუბიექტის მხრიდან მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას საჭიროებს.
J&J Consulting ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც საშუალებას იძლევა ფულადი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დავები სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები ფულადი დანახარჯებით მოგვარდეს, უკიდურეს შემთხვევაში კი განხორციელდეს სასამართლოსათვის მიმართვა.
ზემოაღნიშნული შედეგის მისაღწევად J&J Consulting-ის მომსახურება მოიცავს, როგორც დებიტორთან მოლაპარაკებების წარმოებას, ისე მეწარმე სუბიექტის საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟებსა თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმომადგენლობას.
საწყის ეტაპზე ადვოკატის მხრიდან ინფორმაციის შეგროვება დებიტორის გადახდისუნარიანობის დადგენის მიზნით ხორციელდება. აღნიშნული ეტაპის დადებითად დასრულების შემდგომ ადვოკატის მიერ ხდება დებიტორთან დაკავშირება და მისი ინფორმირება ფულადი ვალდებულების არსებობის თაობაზე. მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების ნათელსაყოფად დებიტორს სხვადასხვა ფორმით სამართლებრივად დასაბუთებული წერილობითი შეტყობინება ეგზავნება. თავის მხრივ შეტყობინება საკუთარი შინაარსით მოიცავს ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გასატარებელი იძულებითი იურიდიული ღონისძიებების ჩამონათვალსა და განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში, დებიტორის მიერ ასანაზღაურებელი თანხების ოდენობა კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად გაიზრდება.
აღნიშნული სამართლებრივი პროცედურების უშედეგოდ გავლის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვა გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით ხორციელდება. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შემჭიდროვებულ ვადებში სასამართლოს მსგავსი სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი გაიცემა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია იძულებითი აღსრულების წარმოების დაწყება.
თუ ეს გზაც წარუმატებელი აღმოჩნდა, კრედიტორის სახელით ხდება სასამართლოსთვის სასარჩელო წარმოების გზით მიმართვა და ყველა საჭირო პროცედურის გავლა.
შეთავაზების ფარგლებში იურიდიული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდევინებელი დავალიანების ოდენობისა და დებიტორის გადახდისუნარიანობის შეფასების შედეგად მხარეთა შორის შეთანხმებული პროცენტით, რომლის ანაზღაურებაც კრედიტორის მიერ ხდება მხლოდ და მხოლოდ მაშინ თუ დებიტორის მიერ დაფარული იქნება დავალიანება ან მისი ნაწილი.

























