აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის შვილი ჩინურ კომპანიას ტოვებს. ამის მიზეზი თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული „თავდასხმებია“.
როგორც ჰანტერ ბაიდენის ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, ჯო ბაიდენის შვილი Equity Investment Fund Management Company-ის მმართველთა საბჭოს 31 ოქტომბერს გამოეთიშება. ამასთან, გავრცელებული ცნობით, ჰანტერ ბაიდენი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, არცერთ უცხოურ კომპანიაში აღარ აპირებს მუშაობას, თუ მამამისი ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ჩინეთსა და უკრაინას ჯო ბაიდენის შვილის აქტივობების გამოძიებისკენ მოუწოდა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მხარდამჭერებმა ბაიდენი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს ვიცეპრეზიდენტობის პერიოდში და ბრალად დასდეს უკრაინაზე ზეწოლა, რათა შეეწყვიტათ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება, რომელიც იმ პერიოდში უკრაინის ენერგოკომპანიისთვის მუშაობდა. ამას გარდა, ტრამპმა ჰანტერ ბაიდენი დაადანაშაულა გავლენების გამოყენებაში, რათა ჩინეთს იმ ფონდში განეხორციელებინა ინვესტიციები, რომლისთვისაც თავად მუშაობდა.
ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.