ჯო ბაიდენს სურს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა აუკრძალოს. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მას არ სჯერა, რომ კონგრესის წევრებს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს წევრობის უფლება ამომრჩევლისგან მიიღეს, შეუძლიათ, ერთი მხრივ, ინსაიდერული [შიგა] ინფორმაციის წყალობით დიდი ფინანსური სარგებელი მიიღონ, ხოლო მეორე მხრივ, ამომრჩეველს თვალებში სუფთა სინდისით ჩახედონ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ თემაზე ღიად ისაუბრა, მაგრამ შეუძლია თუ არა მას ამ პრობლემის აღმოფხვრა, ჯერჯერობით, გაურკვეველია.
კონგრესის წევრების მიერ კომპანიების აქციებით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემაა, რომელსაც ვაშინგტონში პერიოდულად განიხილავენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრაქტიკა თავად კანონმდებლებმა უნდა აკრძალონ, ასეთი საკანონმდებლო ინიციატივები, როგორც წესი, განხილვამდეც კი ვერ მიდის. ასეთი კანონპროექტი გასულ წელს ორივე პარტიის სენატორებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა დაარეგისტრირა. დოკუმენტს “ეთიკის აქტი” ჰქვია და მის ფარგლებში, კონგრესის წევრებს, მათ მეუღლეებს და შვილებს აქციებით და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა აეკრძალებათ, ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამ თემაზე კენჭისყრა, ჯერჯერობით, არ ყოფილა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, კონგრესის წევრების მიერ შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ჯერ კიდევ 2012 წელს, “აქციების აქტის” ფარგლებში აიკრძალა, მაგრამ როგორც ირკვევა, კონგრესის წევრები ინფორმაციის სანაცვლოდ ფინანსურ მოგებას კვლავაც აგენერირებენ. როგორც გამოცემა Business Insider-ის 2021 წლის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, ამ დროისთვის, კანონი 63-მა კონგრესმენმა და კონგრესის 182-მა მაღალი თანამდებობის პირმა დაარღვია, რაც უკავშირდება, როგორც კონგრესის წევრების შესაძლო არაკეთილსინდისიერებას, ასევე თავად “აქციების აქტში” არსებულ სუსტ სააღსრულებო მექანიზმებს.
ინსაიდერული ვაჭრობა აშშ-ში აკრძალული საქმიანობაა, რომლის კონტროლს ქვეყნის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) უზრუნველყოფს. უწყების განმარტებით, ინსაიდერული ვაჭრობა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ისეთი ოპერაციაა, რომელიც გამყიდველის ან შემსყიდველის ხელთ არსებულ არასაჯარო ინფორმაციას ეყრდნობა. გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია საჯარო არ არის, შესაძლოა, ის მხოლოდ რამდენიმე ინვესტორმა იცოდეს, რაც სხვა ინვესტორებს არასამართლიან პირობებში აყენებს და რეალურად, ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვა სწორედ ამ ლოგიკას ეფუძნება.
ინსაიდერული ვაჭრობის შინაარსის უკეთ აღსაქმელად, მაგალითი მიმოვიხილოთ: წარმოიდგინეთ, რომ რომელიღაც საჯარო კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომელი ხართ და დახურულ შეხვედრაზე გაიგეთ, რომ კომპანია გაკოტრების პირასაა. თქვენ, როგორც ფინანსებში გათვითცნობიერებულმა ადამიანმა იცით, რომ მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდება, კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად შემცირდება, ანუ თქვენი ქონება მყისიერად გაუფასურდება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ინსაიდერული, ანუ შიდა ინფორმაცია გამოიყენოთ და აქციები მანამ გაყიდოთ, სანამ კომპანიის გაკოტრების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება. თუკი ამ დროს მარჟით ივაჭრებთ და თქვენი კომპანიის წინააღმდეგ საწინააღმდეგო, ე.წ. “შორთ” პოზიციას გახსნით, კომპანიის გაკოტრებით კიდევ უფრო მეტად იხეირებთ.
ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებული ეს ლოგიკა, ცხადია, ვრცელდება არამხოლოდ ნეგატიურ, არამედ დადებით სიახლეებზე, რადგან საფონდო ბირჟა ფინანსური სარგებლის მიღების საშუალებას ინვესტორებს ცუდ და კარგ დროს თანაბრად აძლევს. გამომდინარე იქიდან, რომ კონგრესის წევრები სამუშაო დროის დიდ ნაწილს იმ ქალაქში ატარებენ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ინფორმაცია, რომელსაც ისინი ფლობენ, უკიდეგანო მასშტაბისაა, რაც სხვა ინვესტორებს, როემლთაც ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ, მეტად არასამართლიან პირობებში ამყოფებს. თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს და წარმოდგენა იმისა, რომ კონგრესმენები პირადი სიმდიდრის დაგროვების ამ მექანიზმზე უარს იტყვიან, საკმაოდ რთულია.