“ჯორჯიან ბეიქერსს”, რომელიც მწარმოებელია და ამავდროულად იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციასაც ახორციელებს, ეტიკეტირების წესის ცვლილების გავლენით მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ აქვს, თუმცა ამბობენ, რომ ახალი ეტიკეტების ბეჭდვას ვერც მათი კომპანია და ვერც მომწოდებლები დარჩენილ დროში ვერ მოასწრებენ.
„ამ დადგენილების ძალაში შესვლა დიდ პრობლემებს გვიქმნის. ჩვენ ვართ როგორც მწარმოებელი, ასევე ვართ დისტრიბუტორი. ყველაფრის ორგანიზებისთვის საკმაოდ ცოტა დრო დარჩა. ამ რეგლამენტში ჩადებულია ერთი პუნქტი, რომელიც ნოემბერში შეიცვალა და გარკვეული პრობლემები შექმნა. მზა დიზაინების გადახედვა მოგვიწია. ახლა ვჩქარობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ შეზღუდულ დროში ამის გაკეთება რთულია და გაგვიჭირდება. გადავადება კარგი იქნებოდა, რომ რეგლამენტი ამოქმედდეს, თუმცა მისმა ადმინისტრირებამ გადაიწიოს, რათა ჩვენი პროდუქცია არ დაჯარიმდეს.
იქიდან გამომდინარე, რომ შესაფუთი მასალის ეტიკეტის ცვლილება ხარჯებთან იქნება დაკავშირებლი, კომპანია ცდილობს, რომ არ გაზარდოს ფასები, მაგრამ საბოლოდ ვფიქრობ, ეს მოხდება და აისახება პროდუქციის ღირებულებაზე“, -აცხადებს „ჯორჯიან ბეიქერსის“ წარმოების მენეჯერი ნატო რუხაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესის პრეტენზიებს პასუხობს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ 2018 წლის სექტემბერიდან უნდა ამოქმედებულიყო.
ბიზნესსექტორის ინფორმირების მიზნით, გაიმართა შეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმოამდგენლებმა დამატებითი ვადა მოითხოვეს და კანონმდებლობის ამოქმედების თარიღის გადაწევის შესახებ მთავრობას მიმართეს.
საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნესსექტორის ინიციატივა და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით, 2019 წლის მარტამდე გადაწია.
შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ბიზნესს სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი პერიოდი არ მიეცა.

























