"ჯორჯიან ეარვეისი" ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებულ პროცედურების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საკითხი ეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის მოიტაცეს და შემდეგ, საქართველოში "აირზენას" სამთავრობო თვითმფრინავით დააბრუნეს. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ პირველ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანიის მიერ შესრულებული ჩარტერული რეისები სრულად შესაბამისობაშია კანონთან და რეგულაციებთან.
დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებით პროცესებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მედიასივრცეში გავრცელებული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე განმარტავენ.
"ნებისმიერი კერძო ან იურიდიული პირი, რომელსაც სურს ამა თუ იმ მიმართულებით ჩარტერული რეისის შეკვეთა, უკავშირდება ავიაკომპანიის კომერციულ დეპარტამენტს. დამკვეთი პირი თუ ორგანიზაცია ავიაკომპანიას აწვდის ინფორმაციას რეისის მიმართულების, სასურველი თარიღისა და დროის და თბილისიდან მგზავრების რაოდენობის და მათი მონაცემების შესახებ. შეთანხმების შემდეგ, წინასწარ ხდება რეისის ანაზღაურება.
მგზავრს, რომელსაც აქვს შეკვეთილი და ანაზღაურებული ჩარტერული რეისი, აქვს უფლება უკანა გზაზე გამოამგზავროს მისთვის სასურველი პირი ან პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიას ის ინფორმაციას არ უთანხმებს, რადგან ეს არის ჩარტერული რეისი, რომელიც სრულდება ამ კონკრეტული პიროვნების დაკვეთით. უკანა გზაზე გამოსამგზავრებელ პირებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა, მათ შორის, პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები, არის საერთაშორისო აეროპორტის, საიდანაც სრულდება რეისი, და აღნიშნულ აეროპორტში მოქმედი სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა.
თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მგზავრები ყველა შესაბამის პროცედურას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადიან.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
“ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა "ჯორჯიან ეარვეისის" VIP ბორტი. 4L-TGB ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი.
დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად, უცნობია, თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. დაკავების საფუძველი და დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.




























