რუსეთის მიერ დაწესებული ავისანქციების გავლენით „ჯორჯიან ეარვეისმა“ დაახლოებით, 25 მლნ დოლარის ზარალი მიიღო, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.
„ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება; გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში, დაახლოებით, 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა, საქართველოს მთავრობას რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა "ჯორჯიან ეარვეისისთვის", რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას“, - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია გაწეული დახმარებისთვის მთავრობას მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება.
bm.ge შეეცდება დააზუსტოს, კონკრეტულად, რა მოცულობის ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს მთავრობა "ჯორჯიან ეარვეისს".

























