ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რომან ბოკერია დაინიშნა.
ავიაკომპანიის ცნობით, რომან ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო უწყებებში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996). შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003).
2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში - ტამპას უნივერსიტეტში, ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში.
ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
შეგახსენებთ, ბოკერიამ ამ პოსტზე გივი დავითაშვილი შეცვალა.
ცნობისთვის: დღეს, 13:00 საათზე, „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანიის სათაო ოფისში პრესკონფერენციას გამართავს და მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ახალ გენერალურ დირექტორს წარუდგენს.
წყარო: GBC

























