კომპანია „ჯორჯიან მაინინგ პროდაქთს“, რომელმაც წიაღის სფეროში ერთი წლის წინ დაიწყო ოპერირება, მოპოვებითი საქმიანობის დაწყებას ერთ თვეში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა მაია ზავრაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი თქმით, „ჯორჯიან მაინინგ პროდაქთსის“ (GMP) მთავარი მიმართულება, საწყის ეტაპზე სამშენებლო სფეროში გამოსაყენებელი ინერტული მასალების (ქვიშა, ღორღი და ა.შ) მოპოვება იქნება, შემდგომში კი დამფუძნებლები პროდუქტების გამრავალფეროვნებას გეგმავენ.
„დაახლოებით ერთი წელია ადგილობრივ ჯგუფთან ერთად მივიღეთ კარიერების დამუშავების მიმართულებაში შესვლის გადაწყვეტილება, რადგან ვთვლით, რომ წიაღის სექტორში აუთვისებელი აქტივების პოტენციალი და აქ განვითარების შესაძლებლობა მაღალია. ავარჩიეთ სამშენებლო მასალების ინდუსტრია და ამ მიმართულებით კარიერების დასამუშავებლად ვემზადებით.
ჯერ სარეალიზაციო სტადიაზე გადასულები არ ვართ. ამ ეტაპისთვის ორი კარიერი გვაქვს იდენტიფიცირებული და ერთის შემთხვევაში უფრო წინ ვართ წასულები. ველით, საბოლოო გადაწყვეტილებას და ლიცენზიას აქტიური ოპერაციების დასაწყებად. ტექნიკურად და ლოგისტიკურად სრულად ორგანიზებულები ვართ“, - განმარტავს მაია ზავრაშვილი და კითხვაზე - რატომ არ დაიწყო კომპანია მოპოვება აქამდე, ასე პასუხობს: „ყველა ბიზნესს აქვს თავისი მოსამზადებელი ფაზა, რომელიც მას ბიუროკრატიული და ტექნიკური სამუშაოების მოსამზადებლად სჭირდება. იყო გარკვეული ტიპის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები. ვიმედოვნებთ, რომ მოპოვებას უახლოეს ერთ თვეში დავიწყებთ“.
„ჯორჯიან მაინინ პროდაქთსის“ მოპოვებული ინერტული მასალების რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს, რისთვისაც ელექტრონული კომერციის გვერდი BOMO აამოქმედეს და მომხმარებელს მინერალურ რესურსებთან ერთად, მშენებლობისა და რემონტისთვის საჭირო მასალებს სთავაზობენ.
„კარიერების დამუშავებასთან ერთად, დასაწყისშივე დავიწყეთ ფიქრი როგორ უნდა გამოგვეტანა ჩვენი პროდუქცია ბაზარზე. ამგვარად ელექტრონული კომერციის პლატფორმის შექმნა გადავწყვიტეთ, რომელზეც მხოლოდ ჩვენი პროდუქცია არ იქნებოდა წარმოდგენილი“, - აღნიშნავს მაია ზავრაშვილი.