მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან მანგანეზი" აუდიტორული ანგარიშის წარუდგენლობისთვის დაჯარიმდა

ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს

საქართველოს ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" წლიური ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის 10,000 ლარით დაჯარიმდა. კომპანიას 2024 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიში 2025 წლის ოქტომბრამდე უნდა გაეგზავნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, თუმცა აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კომპანიას ჯარიმა დაეკისრა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კომპანიას არ აქვს გასაჯაროებული არც 2023; 2022; 2021; 2020; 2019; 2018 და 2017 წლების ფინანსური ანგარიშები, შესაბამისად ის ამ ვალდებულებას ყოველწლიურად არღვევს, რისთვისაც მას ჯარიმები ეკისრება.

საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კორპორაციებს მათი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროების ვალდებულება აქვთ.

ცნობილია რომ საქართველოს ფეროშენადნობების სექტორი რთულ ფინანსურ ვითარებაში იმყოფება, რაც გლობალურად ამ საქონლის ფასების ვარდნასთან არის დაკავშირებული. 2025 წელს საქართველოდან სულ 226 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, შედარებისთვის 2024 წელს ექსპორტი 322 მილიონი დოლარი იყო, 2021-2022 წლებში კი 450 მილიონ დოლარს აჭარბებდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიამ ქართუ ბანკის და ლიბერთი ბანკის მიმართ კრედიტების უზრუნველყოფისთვის საკუთარი უძრავი ქონება დააგირავა. ამასთან "ჯორჯიან მანგანეზს" გააჩნია ელექტროენერგიის მიმწოდებლების - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ესკოს და გარდაბნის თბოსადგურის მიმართ დავალიანება, რის გამოც კომპანიამ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაც დააგირავა. კომპანიას საკუთარი აქტივების რეალიზაცია სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების საფუძველზეც აქვს აკრძალული.

"ჯორჯიან მანგანეზი" იურიდიულად უკრაინელი მილიარდერის, იჰორ კოლომოისკის საკუთრებას წარმოადგენს, ის ამჟამად მსხვილი კორუფციისთვის უკრაინაში აქვს პატიმრო მისჯილი. "ჯორჯიან მანგანეზს" დაახლოებით 10 წელზე მეტი ხნის წინ საქართველოს მთავრობასთან მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა და მისთვის დაკისრებული ჯარიმები 160 მილიონ დოლარს აღემატებოდა, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ გარემოსდაცვითი მოთხოვნების მიმართ კრიტიკული შეუსაბამობების არსებობის გამო, კომპანიაში სპეციალური მართვის რეჟიმის დაწესება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც ორჯერ გახანგრძლივდა. ბოლოს 2025 წლის მაისში კომპანიაში არსებული სპეციალური მართვის რეჟიმი 2029 წლამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების ბოლომდე შესრულებაც ამ დროისთვის 2029 წლამდე არის გახანგრძლივებული. ამასთან, როგორც ირკვევა კომპანია სპეციალური მართვის რეჟიმშიც კი არ ასრულებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ არსებულ ვალდებულებებს და წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშს არ ასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები