მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს

ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს
02.10.24 10:22
571

ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკო მანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი კვლავ, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 11 მოქმედი ღუმლიდან 6 გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას ტონამდე შემცირებას გულისხმობს.

„ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი გამოწვეულია ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროცესებითა და უკრაინაში მიმდინარე ომით. სილიკომანგანუმზე ფასებმა 2024 წლის ზაფხულის შუა პერიოდში სასიკეთო ნიშნულს მიაღწია და ეს მხოლოდ დროებითი ფაქტორი აღმოჩნდა,“ განაცხადა ჯორჯიან მანგანეზის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.

გიორგი ტატიშვილის განმარტებით, დღეისათვის მოთხოვნა ფეროშენადნობებზე ისევ და ისევ მინიმალურ ნიშნულზეა, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე კრიზისი მიუხედავად ამ ორწლიანი პერიოდის გასვლისა და ჩვენი პოზიტიური მოლოდინებისა კვლავ გრძელდება.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი გოჩა ქურდაძე აცხადებს, რომ წარმოების შემცირება არ მომხდარა დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე.

„ვცდილობთ, შევინარჩუნოთ თანამშრომლების სრული შტატი, იმ იმედით, რომ შემდგომში გვექნება შესაძლებლობა ქარხანა დაუბრუნდეს წარმოების იმ ნიშნულს, რასაც საშუალოდ ყოველთვიურად აწარმოებდა,“ განაცხადა გოჩა ქურდაძემ.

ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანამ ამავე მიზეზით, წარმოება გასული წლის სექტემბერშიც 75%-ით შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები