დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, რომან კაკულიას განცხადებით, ხვალ კომიტეტში 10 საათზე „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს მოუსმენენ.
გარდა ამისა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას დაბარების ინციატივით გამოდის. ნაცვლიშვილის თქმით, მის ამ ინიციატივას შეუერთდნენ ასევე პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები.
„რთული სიტუაციაა და ვალდებულიც ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში. პირველად მინდა შევხვდე კომპანიის წარმომადგენელს ხვალ 10 საათზე კომიტეტში.
მე ჩავთვალე საჭიროდ ჯერ ერთ მხარეს მოვუსმინოთ, მერე მყისიერად მივიღოთ გადაწყვეტილება დავუშვათ სხვანაირი ჩართულობაც. ვიმსჯელოთ ასევე დახურულ ფორმატში იყოს თუ არა ეს მოსმენა, მერე ღია შეხვედრა ყველა მხარის მონაწილეობით მივაყოლოთ ხვალვე ან ზეგ.
რეაქციის გარეშე ცხადია ამის დატოვება აღარ შეიძლება. რამდენად სამართლიანია მოთხოვნები, რამდენად გადაწყვეტადია, მთავრობის როლი ამ ყველაფერში როგორია, ყველა შეკითხვა ლეგტიმურია და პასუხები უნდა არსებობდეს“-აცხადებს რომან კაკულია.

























